სიახლეები

კოალიცია სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” გაჭიანურებას ეხმაურება

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო. 

“მესამე ტალღის" კანონპროექტებზე საპარლამენტო ფორმატში განხილვები დაახლოებით რვა თვეა მიმდინარეობს. პირველი საკომიტეტო მოსმენები კანონპროექტმა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაიარა. შემდგომი რამდენიმე თვე აღნიშნული კანონპროექტების საპარლამენტო განხილვა შეჩერებული იყო. 2016 წლის თებერვლიდან კი კანონპროექტებზე მუშაობა განახლდა და 6 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა აღნიშნული პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. თუმცა, მას შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე არ დამდგარა. 

რვა თვის განმავლობაში კანონპროექტების განხილვის გაჭიანურებამ და კანონპროექტების შინაარსის შესახებ მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა გადატანამ, მნიშვნელოვნად დააზიანა კანონშემოქმედებითი პროცესი, ამასთან მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო პაკეტის შინაარსი და ხარისხი. კოალიციისთვის ამჯერადაც უცნობია რა მიზეზით არ დგება კანონპროექტები მესამე მოსმენით კენჭისყრაზე.

კოალიციის შეფასებით, “მესამე ტალღის” კანონპროექტების შინაარსი საწყისი ეტაპიდან ბოლო რედაქციამდე არაერთ ნაწილში არსებითად არის გადასინჯული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში შეიცვალა ან შესუსტდა გარკვეული პოზიტიური და პროგრესული ინციატივები, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად დასრულდეს რეფორმის საკანონმდებლო პროცესი და ძალაში შევიდეს ის გაუმჯობესებები მაინც, რასაც კანონპროექტები ითვალისწინებს, აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის.

აქვე, კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “მესამე ტალღის” კანონპროექტების საბოლოო რედაქცია არ არის დამაკმაყოფილებელი და სრულად არ პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ “მესამე ტალღის” ცვლილებების დროულად მიღება უნდა გახდეს ახალ და ფუნდამენტურ ცვლილებებზე მუშაობის დაწყების საფუძველი. 

სამომავლო რეფორმის ფარგლებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ცვლილებებს დაექვემდებაროს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები; მოსამართლეთა დანიშვნის და კარიერული წინსვლის საკითხები; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. ასევე კრიტიკულად უნდა გაანალიზდეს იმ ახალი ინსტიტუტების მუშაობა, რომლებიც ბოლო წლებში დაინერგა (მაგალითად, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა) ან ახლა ინერგება სასამართლო სისტემაში (მათ შორის, ინსპექტორის ინსტიტუტი, მენეჯმენტის დეპარტამენტი და სხვა).

კოალიცია მოუწოდებს “მესამე ტალღის” კანონპროექტის ინიციატორებსა და პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაიაზრონ სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარება და გადადგან დროული ნაბიჯები მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული “მესამე ტალღის” ცვლილებები და შეიქმნას პლატფორმა სამომავლო რეფორმაზე მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო მეტად ღია დისკუსიისა და საფუძვლიანი განხილვებისთვის და სადაც რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა იარსებეს. 

კოალიცია აქტიურად მუშაობს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხებზე და გამოთქვამს მზადყოფნას წარმოადგინოს დეტალური საკანონმდებლო ინიციატივები ამ პროცესში.