სიახლეები

კოალიცია: სიფრთხილით მოეკიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეფასებას

კოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობასაც წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეების მიმართ. 

უფრო კონკრეტულად, სინამდვილეს არ შეესაბამება მანანა კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და კანონი კრძალავს ნორმის შეჩერებას ერთი სუბიექტის მიმართ. ტელეკომპანია ,,საქართველოს“ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა არა მთლიანად გასაჩივრებული ნორმა, არამედ მხოლოდ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა მედიაში (და არა მხოლოდ რუსთავი-2-ში) დროებითი მმართველისათვის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლო კანონის ნორმატიულ შინაარსს, და არა მთლიანად კანონს, არაკონსტიტუციურად სცნობს 2009 წლის 10 ნოემბრიდან. რუსთავი-2-ის გარდა ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, მაგალითად, ორგანოთა ტრანსპლანტაციის საქმეშიც. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ ნორმის ნორმატიული შინაარსით შეჩერება საგანგებოდ რუსთავი-2-ისათვის გამოგონილი სამართლებრივი მექანიზმია. 

კოალიციას ასევე მიაჩნია, რომ მეტ განმარტებას საჭიროებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ნათქვამია ის, რომ სამინისტრო გეგმავს ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით. თუმცა, მინისტრმა არ დააკონკრეტა სასამართლოსთან დაკავშირებული რა სფეროების რეფორმირებაზე მუშაობს ან ფიქრობს სამინისტრო. ცხადია, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რეფორმების განხორციელების იდეა და საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს.  თუმცა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი, არსებული კონტექსტი და ის ორაზროვნება თუ გაუგებრობა, რაც მინისტრის განცხადებამ დატოვა საზოგადოებაში, ქმნის განცდას, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით განპირობებული ქმედება და ერთგვარი რეაქცია მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. 

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რას გულისხმობს სამინისტრო საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებაში. კოალიციას სურს განმარტოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნის, მათი უფლებამოსილების ვადის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირება შეუძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ამასთან ერთად, კოალიციას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ან რაიმე ტიპის ცვლილების მიზეზი არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მისი მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით. 

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმის საჭიროებას, მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი/მიმდინარე რეფორმები, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება უძღვება სათანადოდ უნდა იყოს განხილული მოსამართლეებთან და გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. კოალიციას ასევე საჭიროდ მიაჩნია მთავრობის გრძელვადიანი ხედვა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ნათლად გაიწეროს პოლიტიკის დოკუმენტებში, ძირითად სტარტეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, მათ შორის, ეს უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ტექსტში.     

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არსებითად მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლოებში განხილვაში მყოფი საქმეების შეფასებას და არ გაავრცელონ იმგვარი განცხადებები, რაც აღქმული იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად და მოსამართლეებზე ზეწოლად.