სიახლეები

კოალიციის განცხადება ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის საქმეზე

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რამაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სუბელიანი და ახობაძე სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლდნენ. ისინი თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ჩარევით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად განხორციელდა, ხოლო გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავა, საბოლოო 2017 წლის 15 სექტემბერს ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სასარგებლოდ დასრულდა და ცენტრს დაევალა მათი კონკრეტულ პოზიციებზე აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება. 

სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან; რეორგანიზაციას მოსარჩელეებთან მიმართებით მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უარი თქვა მის შესრულებაზე. ცენტრის განმარტებით, თამაზ ახობაძის პოზიციაზე 2017 წლიდან სხვა პირი იყო დასაქმებული, ხოლო ანა სუბელიანის პოზიცია გაუქმებული იყო. აღსანიშნავია, რომ ცენტრს მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის განხილვისას, მხარისა და სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, შეგნებულად არ წარუდგენია, რამაც გამოიწვია სასამართლოს მიერ იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომლის სააღსრულებო წარმოების ფარგლებშიც, იმთავითვე სავარაუდო იყო აღსრულების პროცედურის გართულება. 

მოგვიანებით (აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვიდან 4 თვის გასვლის შემდგომ), ცენტრის თანამშრომელმა, რომელიც თამაზ ახობაძის პოზიციაზე დასაქმდა, მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მისი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. ანა სუბელიანს კი აღუსრულებელი სახით დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი, იმ დასაბუთებით, რომ შეუძლებელია მისი სამსახურში აღდგენა პოზიციის გაუქმების გამო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ცენტრი ასევე ვალდებული იყო, ანა სუბელიანისათვის იძულებითი განაცდურიც აენაზღაურებინა, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით ასევე აღუსრულებელი დარჩა. მიგვაჩნია, რომ ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, რადგან არ არის მითითებული დამაჯერებელი დასაბუთება, რატომ იყო შეუძლებელი ანა სუბელიანისათვის განაცდურის ანაზღაურება. 

იმის გათვალისწინებით, რომ ანა სუბელიანის პოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოში ცენტრის მიერ არცერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია, ჩნდება აღქმა, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, ხელოვნურად აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, რითაც ახდენს დემონსტრირებას, რომ სასამართლოსთვის მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. მსგავსი მიდგომა საფრთხეს უქმნის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების უფლებების ეფექტურ დაცვას და სასამართლოსადმი ნდობას. აღნიშნული საქმე წარმოაჩენს იუსტიციის სამინისტროსადმი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინსტიტუციური დაქვემდებარების პრობლემას. როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ინსტიტუციურად დაკავშირებულია იუსტიციის სამინისტროსთან. ორივე უწყების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება იუსტიციის მინისტრის მიერ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინსტიტუციური კავშირი იუსტიციის სამინისტროსთან, ქმნის საფრთხეს, რომ იუსტიციის მინისტრისათვის მიუღებელი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდეს ან აღუსრულებელი დარჩეს. 

მივმართავთ: 
  • საქართველოს პროკურატურას - დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა; 
  • იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღადგინოს გათავისუფლებული პირები სამსახურში და აუნაზღაუროს მათ იძულებითი განაცდური; 
  • აღსრულების ეროვნულ ბიუროს - შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილებების შეუფერხებელი აღსრულება; 
მნიშვნელოვანია, გადაიხედოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების არსებული მექანიზმი და მოხდეს მისი იმგვარი ფორმირება, რომ გამოირიცხოს სხვა უწყებების გავლენები რისკები გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში, ასევე უზრუნველყოფილი იყოს აღსრულების განმახორციელებელი ორგანოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.