სიახლეები

კოალიციის საკანონმდებლო წინადადებები იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს მიმართავს და საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენს, რომელიც დამატებით ორ მიმართულებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესის და მათი როლის ცვლილებას, მოიცავს. კოალიციამ ასევე შესთავაზა პარლამენტს წინადადებები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებითაც.  

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა 

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, დღესდღეობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი არ არის. კერძოდ, სკოლა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადების საკითხს, მსმენელთა რაოდენობას, არ არჩევს მსმენელებს და ა.შ.

არსებულმა ვითარებამ ერთხელ უკვე დააზიანა სასამართლო სისტემა. 2015-2017 წლებში, როდესაც არაერთ მოქმედ მოსამართლეს ეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, საბჭომ სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვა ხელოვნურად შეაჩერა, რის შედეგადაც, ახალი კადრების შედინების ნაცვლად, ვაკანტურ თანამდებობაზე კვლავ ყოფილი მოსამართლეები დაინიშნენ. 

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღამ” აუცილებლად უნდა მოიცვას სკოლის საბჭოსგან დისტანცირების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფორმას რეალური შედეგი ვერ ექნება.  

კოალიცია პარლამენტს ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს: 

სკოლაში მსმენელების მიღების პროცესი საბჭოსგან დამოუკიდებლად უნდა მიმდინარეობდეს. უმნიშვნელოვანესია, რომ სკოლას მიეცეს უფლებამოსილება თავად (იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციის გზით) მიიღოს გადაწყვეტილებები მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის, მისაღები კონკურსის გამოცხადების და მსმენელების შერჩევის თაობაზე. 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრების ოდენობა და მისი დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. დღეს სკოლის მართვის ორგანოში 6 წევრია, რომელთაგანაც თავმჯდომარეს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, ხოლო დანარჩენ 5-ს (რომელთაგან ერთი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი უნდა იყოს) იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების გასაძლიერებლად, აუცილებელია დამოუკიდებელ საბჭოში წევრები გარე აქტორების მონაწილეობით ინიშნებოდნენ. კერძოდ, დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობა უნდა განისაზღვროს 5 წევრით, საიდანაც: 

• 3 წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია; 

• 1 არამოსამართლე წევრს, ხმათა უმრავლესობით, აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები; 

• 1 წევრს აირჩევს სახალხო დამცველი, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გზით. 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდია და სწავლის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. ასევე, აუცილებელია სკოლამ უზრუნველყოს საღამოს სწავლებაც, რათა მსმენელებს შეეძლოთ აირჩიონ მათთვის სასურველი გრაფიკი. სწავლების 10-თვიანი ვადა უნდა გაიზარდოს იმგვარად, რომ მოსამართლეობის კანდიდატებმა შეძლონ ჯეროვანი და საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული პროგრამის წარმატებით გავლა. 

2. სასამართლოების ადმინისტრირება - თავმჯდომარეების არჩევა და როლი 

წლებია, სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეების უფროსებად და მაკონტროლებლებად მიიჩნევიან, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე წესიც განაპირობებს. ამასთან, სასამართლოში ადმინისტრაციულ თანამდებობებს, როგორც წესი, ერთი და იგივე პირები იკავებენ, რაც მოსამართლეთა შორის პრივილეგირებული ჯგუფების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს განახორციელოს შემდეგი ცვლილებები: 

სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა არჩევითი უნდა გახდეს. სასამართლოს თავმჯდომარე იმავე სასამართლოს მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ. ამასთან, კანონმა ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორი თანმიმდევრული ვადით არჩევა უნდა გამორიცხოს. 

თავმჯდომარის უფლებამოსილებები უნდა შეიზღუდოს. სასამართლოს თავმჯდომარის როლი და ფუნქციები წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით უნდა შემოიფარგლოს და არა უმეტესად მენეჯერული საქმიანობით, როგორც ეს ამჟამად არის. თავმჯდომარეს ასევე არ უნდა ჰქონდეს უფლება მოსამართლეს საქმის განხილვა დაავალოს ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზირებულ შემადგენლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია კანონმა დაადგინოს, რომ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის შემთხვევაში, მათი შემადგენლობა განსაზღვროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არა სასამართლოს თავმჯდომარემ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარეების კვოტა უნდა გაუქმდეს. კერძოდ, საბჭოში არჩეულ წევრს, რომელიც იმავდროულად იკავებს სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგია/პალატის თავმჯდომარის პოზიციას, არჩევისთანავე უნდა უწყდებოდეს ადმინისტრაციული თანამდებობა.