სიახლეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქის საჩივარი, რომლის ინტერესებს ISFED იცავდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კიდევ ერთი წარმატება. 2015 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დარეჯან ტალახაძის სააპელაციო საჩივარი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ იცავდა. 

დარეჯან ტალახაძე მონაწილეობდა კონკურსში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე. დარეჯან ტალახაძის აზრით საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაარღვია გასაუბრების ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ნაკლები ქულისა და საჯარო სამსახურში მუშაობის ნაკლები გამოცდილების მქონე კანდიდატს.    

„სამართლიანი არჩევნებმა“ საჩხერის რაიონული სასამართლოში მოითხოვა კონკურსის შედეგების გაუქმება და მისი ხელახლა ჩატარება. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით დარეჯან ტალახაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა გასაუბრების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა. 

მიგვაჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის გაუქმება, თავისთავად აცლის სამართლებრივ საფუძველს კონკურსის შედეგებს და არალეგიტიმურს ხდის მას. შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის შესავსებად ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია ჩაატაროს კონკურსი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 

უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე:

 თბილისი: ონიაშვილის #37, ტელ: 555 82 90 90;
 ქუთაისი: წერეთლის #27, ტელ: 593 82 90 90;
 ბათუმი: 26 მაისის #40, ტელ: 514 82 90 90;
 გურჯაანი: ნონეშვილის #12, ტელ: 555 82 90 90.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”  იურიდიულ დახმარებას ახორციელებს ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „საჯარო მოხელეთა ულებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი  ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.