სიახლეები

მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე

უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოალიცია მიესალმება და მხარს უჭერს სამართალდარღვევათა სფეროს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებას. მისი წარმატებით და სრულყოფილად დასრულების შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გარდამტეხი რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამ რეფორმის განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იტყვის უარს მოძველებულ საბჭოურ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომლის ამ ფორმით არსებობა არა მარტო უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ წარმოადგენს დღევანდელი ქართული სამართლებრივი სივრციდან მოწყვეტილ ნორმატიულ აქტს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზიან ბუნებაზე, კერძოდ კი არასათანადო საპროცესო გარანტიებსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების არასრულფასოვან რეალიზებაზე, არაერთხელ იქნა აღნიშნული, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ცალსახად მნიშვნელოვანად და პოზიტიურად მივიჩნევთ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ნაბიჯებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე რეფორმა უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. 

ამავე დროს, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ინიციატივის ავტორების მიერ შეირჩა რეფორმის განხორციელების ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზა, რაც სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი დარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადატანასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების დადგენას უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა შესაძლო მიმართულებით რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ეს იქნებოდა სამართლებრივი სისტემის გასაჯანსაღებლად მიმართული არასაკმარისი და წარუმატებელი მცდელობა, რის გამოცდილებაც უკვე არსებობს როგორც საქართველოს წარსულ გამოცდილებაში, ასევე სხვა ქვეყნების სამართლებრივი რეფორმების ისტორიაში. 

კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზადყოფნას სრულად ჩავერთოთ დასახელებულ რეფორმასთან მიმართებით დაგეგმილ სამომავლო დისკუსიებშიც და წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 

რეფორმის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და საკანონმდებლო სიახლეების მოცულობითი ხასიათის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ გარკვეულ მოსაზრებებს საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებით, რომელთა განხილვა და გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესის გაძლიერებას და შერჩეული რეფორმის მიმართულების სწორად წარმართვას.  კერძოდ: 

ა) საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ:

სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება - სისხლის სამართლის კანონმდებლობა წარმოადგენს სოციალური წესრიგის დაცვის უკანასკნელ საშუალებას, რომლის ამოცანაც არის სოციალურად საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნებისათვის. შესაბამისად სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, ქმედებათა ცალკეული შემადგენლობები სწორედ აღნიშნული ნიშნის მიხედვით უნდა იქნეს განაწილებული. 

მხედველობაში ვიღებთ იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პროცესუალურ გარანტიებს, რაც ცალკეულ გადაცდომებზე სისსხლისსამართლებრივი მექანიზმების გავრცელებით მიიღწევა და ვთვლით, რომ კანონის პროექტის მიერ მსუბუქი დანაშაულის კატეგორიაში შემოთავაზებული ხუთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან, განსაკუთრებით საგულისხმოა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და მე-111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. ზემოთხსენებული ლოგიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, შემდგომი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, რამდენად მიზანშეწონილია ისეთ ქმედებათა ინკრიმინირება როგორიცაა, კანონით დადგენილი პერიმეტრის დარღვევა (კანონის მე-9 მუხლი) და შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა (კანონის მე-111 მუხლი). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მსუბუქი დანაშაული თავისი შინაარსითა და რეგულირებით განსხვავდება დანაშაულთა სხვა კატეგორიებისგან, არ ითვალისწინებს ნასამართლეობას და მცირეა თავისუფლების აღკვეთის ვადაც, ხსენებული გადაცდომების სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად გათვალისწინებამ შესაძლოა არსებითად ნეგატიური გავლენა იქონიოს გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებელ რეალიზებაზე. 

სწორედ, აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა შენარჩუნებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით და არ იქნას გადატანილი სისხლის სამართლის კოდექსში. 

თავისუფლების აღკვეთის ვადა - 2014 წლის ივლისის თვეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზე, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა, დადებითად იქნა შეფასებული. კანონპროექტით მსუბუქი დანაშაულისათვის, მათ შორის იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში გადატანას ექვემდებარებიან, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 3 თვემდე იზრდება. რიგი მუხლების სისხლის სამართლის სფეროს დაქვემდებარებით, ცხადია უმჯობესდება საპროცესო გარანტიების კუთხით არსებული მდგომარეობა, თუმცა, თავისუფლების აღკვეთის ვადის ზრდა საზოგადოებისათვის უდავოდ მყარი არგუმენტაციის არსებობას საჭიროებს. 
ვთვლით, რომ რეფორმის არაერთი პოზიტიური მხარის სრულყოფილი წარმოჩენისა და ეფექტიანი ამოქმედებისთვის მიზანშეწონილი იქნება დიფერენცირებული მიდგომის (გრადაციის) გამოყენება, რომლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის ვადის ხანგრძლივობა ქმედების ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით განისაზღვრება, ნაცვლად ყველა შემთხვევისათვის 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთის ერთგვაროვანი გაზრდისა. 
ჯარიმა, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახე - წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, მსუბუქ დანაშაულზე უცვლელად ვრცელდება ჯარიმისათვის გათვალისწინებული რეგულირება. შესაბამისად,  ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები. მიზანშეწონილი იქნებოდა ჯარიმის შედარებით ნაკლები მინიმალური ზღვარის დადგენა, ისევე როგორც მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნული უპირობოდ  გამორიცხავდა  გაუმართლებლად დიდი ოდენობის ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობას მსგავსი კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. სასურველია ამ მიმართულებით წარმოდგენილი კანონის პროექტი იზიარებდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მოქმედი ნორმების მიდგომას.  
ბ) საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ:

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება - შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, მსუბუქი კატეგორიის დანაშაულის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მიგვაჩნია, რომ ვინაიდან პატიმრობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უკიდურეს საშუალებას წარმოადგენს მსუბუქი დანაშაულის ბუნების გათვალისწინებით მიგვაჩნია რომ კანონმდებლის ნება ცალსახად ლიბერალური დამოკიდებულებისკენ უნდა იხრებოდეს და ზოგადისგან გაცილებით  ლოიალურ რეგულირებას უნდა ითვალისწინებდეს.

გ) საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ:

სახელმწიფო ბაჟი - კანონპროექტის თანახმად, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი. თუმცა, ვინაიდან შემოთავაზებული ცვლილებები ერთმანეთისგან განასხვავებს სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ორ ფორმას: განკარგულება (სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, ამ საქმეზე, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და დადგენილება (სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება), ვთვლით რომ აუცილებლია სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების რეგულირება თანაბარმნიშვნელოვნად გავრცელდეს ორივე შემთხვევაზე. იგივე ეხება საურავის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასაც. 
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია, სწორედ ანალოგიურ წესს ითვალისწინებს.   

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი - ცვლილებების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი ქონებრივი ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს ან/და თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზიანის ანაზღაურების შესახებ. ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კანონის დონეზე ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს დაინტერესებული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის ეტაპი, რომელიც დაკავშირებული იქნება სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლასთან. 

სახდელის სახეები - შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, სახდელის ერთ-ერთ სახეს - პირისთვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, იარაღის ტარების უფლების, საქმიანობის უფლების და სხვა) ჩამორთმევა წარმოადგენს; დასახელებული ნორმის ფართო და ბუნდოვანი ბუნების გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ მსგავსი რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და საჭიროებს გაცილებით ცხად ფორმულირებას. კერძოდ, მუხლის დისპოზიციიდან უცნობია კიდევ რა სახის „სხვა სპეციალური უფლება“ შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას, ისევე როგორც ბუნდოვანია რამდენად ფართოდ შეიძლება განიმარტოს საქმიანობის უფლება პრაქტიკაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირებისა და შესაძლო კორუფციული რისკების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ნორმის ვიწროდ ფორმულირება. 

ადვოკატის უფლებამოსილება - სასამართლო პრაქტიკის და კანონმდებლობაში მოქმედი  ნორმების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  წარმოდგენილი ნორმის ფორმულირება ადვოკატთან დაკავშირებით ჩვენი აზრით არის ბუნდოვანი და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.