სიახლეები

მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ორ შტოს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკების შემდეგ. შედეგად, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას. 

დაპირისპირება იმდენად აშკარა გახდა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საქართველოში მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ვიზიტების დროს მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ კანონით და თანამდებობიდან გამომდინარე მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებდა უშიშროების საკითხების განხილვაზე, თუ ეს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. ასეთი მაგალითები ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ზიანს მიაყენებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მართებულად გადაჭრას და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე მეგობარი სახელმწიფოების თვალში. 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონფლიქტი არ წარმოქმნილა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების საფუძველზე. დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა საქართველოში კონკრეტული რეფორმის ან ინიციატივის უკეთ დაგეგმვა ან განხორციელება. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის კრიტიკისას ყოფილი პრემიერმინისტრის პირადი უკმაყოფილებით ხელმძღვანელობს, რომელიც დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელის შეცვლამ გამოიწვია. 

ერთადერთი შემთხვევა, რომელიც კონკრეტულ ინიციატივასთან იყო დაკავშირებული, ეხებოდა პრეზიდენტის სურვილს, ვეტო დაედო კანონპროექტზე, რომლითაც პარლამენტმა წლის განმავლობაში მესამედ შეცვალა თავისივე გადაწყვეტილება და მოწმეთა დაკითხვის ახალი პროგრესული წესის ამოქმედება ორი წლით გადაავადა. მაშინ ყოფილმა პრემიერმინისტრმა  პრეზიდენტს შეაცვლევინა კანონპროექტზე ვეტოს დადების განზრახვა, რაზეც ის თავის ინტერვიუში საუბრობს. სამწუხაროა, რომ მაშინ პრეზიდენტი დათანხმდა პოზიციის შეცვლას, რადგან ამ კანონმა კვლავ რისკის ქვეშ დატოვა მოწმედ დასაკითხი პირების  უფლებების დაცვის გარანტიები. 

დღეს საქართველოს მოსახლეობა უსმენს ურთიერთბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან მომდინარეობს. მმართველი კოალიციის მიზანი, როგორც ჩანს, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც, ქვეყნის მეთაურის, მთავარსარდლისა და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელის, ხელოვნურად დაკნინებაა. ამის სამწუხარო შედეგი კი ისაა, რომ პრეზიდენტი ხელოვნურ ბარიერებს აწყდება საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, რომელიც მას კონსტიტუციით ევალება. ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანაში იკვეთება არაფორმალური მმართველობის ტენდენციები, როცა არაუფლებამოსილი პირის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და თანამდებობის პირებზე სახელმწიფოს მართვისას გავლენის მოხდენაში გამოიხატება.  

სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი სახელისუფლებო ორგანოების ურთიერშეკავებისა და გაწონასწორების  წინაპირობაა. ეს ყოველივე საზოგადოებას იცავს ძალაუფლების ერთი ხელისუფლის ან მცირე გუნდის მიერ მონოპოლიზაციისგან. ამ გაგებით ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტები შესაძლებელია სხვადასხვა მოცემულობაში ერთმანეთის კონკურენტებადაც გვევლინებოდნენ. ასეთი ინსტიტუციური ,,კონფლიქტი" არა თუ წინააღმდეგობაში არ მოდის დემოკრატიულ წეს-წყობილებასთან, არამედ მისი არსებობისა და შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა.  ასეთ სისტემაში რაც დაუშვებელია, ეს არის დამატებითი არაფორმალური მმართველობის რგოლის შექმნა.  

საქართველოში, როგორც განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, არაფორმალური მმართველობის სიტემის დამკვიდრება და ნებისმიერი ინსტიტუტისთვის მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შესრულებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა მძიმე დარტყმას მიაყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესს, რის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას, გაითვალისწინოს ეს საფრთხეები და საკუთარი ქმედებებით დაამტკიცონ, რომ არ დაუშვებენ არცთუ შორეული წარსულის გამოცდილების გამეორებას, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთ ხმაში ლაპარაკობდა და პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ იმართებოდა. ასეთ მოცემულობაში სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან და მათ მუშაობას, ფაქტობრივად, ფორმალური ხასიათი აქვს. საქართველოს მთავრობას უნდა ახსოვდეს რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნებას წარმოადგენს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CiDA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)