სიახლეები

NGO-ები უგულავას საქმეზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ვეხმაურებით გიორგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს და გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

2015 წლის 13 მარტის დადგენილებით, პროკურატურამ, პატიმრობაში მყოფ გიორგი უგულავას დაუზუსტა 2014 წლის 28 ივლისს წარდგენილი ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, შეუცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და მოითხოვნა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც უგულავას სხვა საქმეზე შეფარდებული პატიმრობის ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. აღნიშნული ბრალი ეხება ტელეკომპანია „იმედის“ და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში, თბილისის ყოფილ მერს პირველი ბრალი ჯერ კიდევ 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა (მუქარით ტელეკომპანია „იმედის“ დათმობის ფაქტზე).
 
ამგვარად, ,,იმედის“ საქმეზე გიორგი უგულავას ბრალი სხვადასხვა დროს, სამჯერ წარედგინა. საყურადღებოა, რომ 2014 და 2015 წლების დადგენილებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ძირითადად მეორდება და ნაწილობრივ ასევე მოიცავს 2013 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში მითითებულ ფაქტებს. მართალია საგამოძიებო ორგანოს აქვს უფლება, გამოძიება აწარმოოს გონივრულ ვადაში, დააზუსტოს ფაქტობრივი გარემოებები და შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია, თუმცა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული გარემოებები მიანიშნებს გამოძიების ხელოვნურ გაჭიანურებაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პროკურატურამ შინაარსობრივად ერთი საქმე ხელოვნურად დაყო სამ სხვადასხვა ეტაპად, რათა მისთვის სასურველ დროს შეძლებოდა უგულავასათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული.
 
კანონის ამგვარი გამოყენება ქმნის პატიმრობის პრაქტიკულად შეუზღუდავი ვადით თვითნებური გაგრძელების შესაძლებლობას, ეს კი აჩენს რეალურ საფრთხეს რომ ბრალდებული უსასრულოდ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში ისე, რომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყოს დამდგარი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებთან. აღნიშნული ხელყოფს არამხოლოდ კონკრეტული ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნიდეს.
 
აღკვეთი ღონისძების საკითხს ეხებოდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ხაზგასმულია, რომ არავის უნდა წაერთვას თავისუფლების უფლება თვითნებურად ან ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. ამასთან, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება ნაკლებად შემზღუდავი ზომები და, პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე ვადა.
 
წინასწარი პატიმრობის ხშირი და არაჯეროვანი გამოყენების პრობლემაზე მიუთითებს ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასა და მისი გამოყენების სიხშირის თაობაზე. PACE ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პატირმობა გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც უკიდურესი ღონისძიება და დაუშვებელია მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)