სიახლეები

პარტიებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი კვლავ გაუარესდა

18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრ(ებ)ი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.  

მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან იგი გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთ პარტიაზე არის შეგნებულად მორგებული, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის. პოლიტიკური გაერთიანებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული ამომრჩევლის მხარდაჭერის გამო უნდა ხდებოდეს და არა პარლამენტში პარტიის ერთი წევრის არჩევისთვის, რომელიც შემდეგ ფრაქციას შექმნის. ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამჟამად მუშაობს პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესის რეფორმაზე, შესაბამისად, ეს გარემოება უფრო გაუმართლებელს ხდის ასეთ ფრაგმენტულ, არაგონივრულ და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევ ცვლილებას. 

ამ ცვლილებებამდე პარტია კვალიფიციური იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი იგი ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ-ერთში მაინც პროპორციული წესით მიიღებდა ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3%-ს მაინც. მიღებული ცვლილებებით კვალიფიციურობის მიღების კრიტერიუმი კიდევ უფრო გამარტივდა და ახლა უკვე ერთი დეპუტატის გაყვანაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, თუკი ის ფრაქციის შექმნას მოახერხებს. 

ცვლილებების შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო”, რომელსაც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადაულახაობის გამო (არ მონაწილეობდა არჩევნებში) გაუუქმდა დაფინანსება, ისევ კვალიფიციურ პარტიად ჩაითვლება და აღუდგება სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმიტომ რომ მათმა ერთადერთმა წარმომადგენელმა 2016 წელს პარლამენტში ფრაქცია შექმნა. აღსანიშნავია, რომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გარდა იმისა, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმათა მხოლოდ 0.78% მიიღო. ახალი ცვლილების გამო ასეთი დაბალი ლეგიტიმაციის მქონე პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს 600 000 ლარზე მეტი ოდენობით დაფინანსებას, შემდეგი საერთო არჩევნებისთვის წარმომადგენლების ხელფასებისა და 50 000 ლარამდე რეკლამის ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას, ასევე, უფასო სარეკლამო დროის ერთ პორციას. 

საინტერესოა, რომ ამ პარტიასთან დაკავშირებით 2016 წელსაც წარმოიშვა პრობლემა, როდესაც 3%-იანი ბარიერის გადაულახაობის მიუხედავად, ცესკოსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მაინც მიანიჭეს ფრაქციის შექმნისთვის განკუთვნილი 300 000 ლარი და, შესაბამისად, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება. ეს გადაწყვეტილებაც იმ დროს ჩვენ უსამართლოდ მივიჩნიეთ. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემები უკვე დიდი ხანია მსჯელობის საგანია, მიღებული ცვლილება კი კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას, რადგან მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო დაფინანსების არსებული წესი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს, მათ შორის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ფრაქციის შექმნის გამო მისაღები დაფინანსებაა. ზოგადად ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება საფუძველშივე მცდარია. სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, რომლის ოპერაციული ხარჯები ისედაც ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან, დამატებით დაფინანსების მიღება გაუმართლებელია. 

მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, დააჩქაროს პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირებაზე მუშაობა, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად ამ ახალი ცვლილების შედეგად წარმოშობილ უსამართლო შედეგსაც აღმოფხვრის. ასევე აუცილებელია, სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური ადრეული ეტაპიდანვე, რათა მიღებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური კომპრომისის შედეგი იყოს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია