სიახლეები

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისიამ ანგარიში წარმოადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ წევრი, მისი შექმნის დღიდან იყო.  2015 წლის 4 მაისს, კომისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს   ასეულობით ადამიანმა მიმართა,  სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების შესწავლის მოთხოვნით. პრობლემის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეექმნა კომისია, რომელიც სტრუქტურულად და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იქნებოდა სამინისტროსგან და შეისწავლიდა სამინისტროში წარდგენილ განცხადებებს. 

კომისია დაკომპლექტდა საქართველოს სახალხო დამცველისა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო „სამართლიანი არჩევნები“.

კომისიამ პირველ ეტაპზე განიხილა 830 განცხადება, რომელიც  გარდა ინდივიდუალური განცხადებებისა, მოიცავდა კოლექტიურ განცხადებებს, ასევე, სამინისტროში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრო უწყებებიდან გამოგზავნილ კორესპონდენციებს. დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზით 500 განცხადებას  ხარვეზი დაუდგინა, 279 განცხადება დაუბრუნდა სამინისტროს, ვინაიდან არ შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და 28 განცხადება გადავიდა არსებით განხილვაზე. 

არსებითი განხილვის ეტაპზე, კომისიამ განიხილა 305 განცხადება (28 განცხადება, რომელიც თავიდანვე გადავიდა არსებით განხილვაზე და 277 ხარვეზით შევსებული განცხადება.)
305 განცხადებიდან 23 შემთხვევაში, კომისიამ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთებული ვარაუდი დაადგინა, 70 შემთხვევაში გამოიკვეთა სხვადასხვა კანონდარღვევის ნიშნები სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში, 5 განცხადებაზე შეწყდა წარმოება განმცხადებლის უარის ან გარდაცვალების მიზეზით, 207 შემთხვევაში კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა აღნიშნულისა, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის პროცესში გამოვლინდა შემდეგი სახის პრობლემები:

 სტრუქტურული სახის   სამინისტროს ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, შიდა აუდიტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების  მხრიდან შრომით ურთიერთობებში ჩარევა;
 ზეწოლის მეთოდები ადმინისტრაციულ შენობებში შესვლისას ჩხრეკის ჩატარება, პირების პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის იძულება;
 მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების (ე.წ. "CAT"-ის გამოცდები) არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძვლით ცალკეული სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება
 სკოლის საქმიანობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩარევა; 
 საგაკვეთილო საათების განაწილებაში სამინისტროს ჩარევა;
 პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების გამო ზეწოლა.

შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ 2006 -2012 წლებში  განათლების სისტემაში ხდებოდა პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ასევე, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა კანონდარღვევის ნიშნებს, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევა.  

კომისიამ  2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. მიგვაჩნია, რომ მან შეასრულა უპრეცენდენტო, მასშტაბური და რთული სამუშაო განათლების სისტემაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით. 

„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული “პოლიტიკური გავლენებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის” პროექტის ფარგლებში.

"სამართლიანი არჩევნების" პროექტის მიზანს წარმოადგენს იურიდიული დახმარების გაწევა, კერძოდ, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, კონსულტაცია და სასამართლოში წარმომადგენლობა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ ან დისკრიმინაციულ საფუძველზე გათავისუფლებული პირებისთვის. 

"სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებს, რომ  ჩვენი მუშაობა  ხელს შეუწყობს პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის განვითარებას.