სიახლეები

პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ

პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. 

კენჭისყრის შედეგად, პროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის ინიცირებამდე წინასწარი კონსულტაციები გაიმართა წამყვან პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რომლის დროსაც, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მხარს დაუჭერდნენ ე.წ. გერმანულ მოდელს. სისტემის ცვლილების სხვა ინიციატივებისგან განსხვავებით, ამ მოდელის მიღებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ სჭირდება. 

სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომაზე არ მოგროვდა ხმათა საკმარისი რაოდენობა კანონპროექტის მხარდასაჭერად. კანონპროექტს მხარი ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა”,  „ეროვნულმა ფორუმმა” და დამოუკიდებელმა დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების გამო სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ხუთი წევრი, შესაბამისად მათ მონაწილეობა არ მიუღიათ კენჭისყრაში და ვერ მოხერხდა კანონპროექტის გასვლისთვის საჭირო ხმების შეგროვება. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა. ვინაიდან, კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კომიტეტის ცამეტმა წევრმა გაიარა, შვიდი ხმა საკმარისი იქნებოდა კანონპროექტის მისაღებად. 

სამწუხაროა, რომ მიუხედავად წინასწარ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს საკმარისი ხმების მობილიზება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელიდან არ გაუშვას საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების ისტორიული შანსი, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში და მხარი დაუჭიროს მის მიღებას.