პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე საქართველოში: 2026 წლის მეორე კვარტალი
კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი
I. შესავალი
ციფრული პლატფორმები თანამედროვე პოლიტიკურ კომუნიკაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო უწყებები, მედიასაშუალებები და სხვა აქტორები სოციალური მედიის საშუალებით ფართო აუდიტორიას ყოველდღიურად აწვდიან პოლიტიკურ გზავნილებს, ხოლო მიზნობრივი რეკლამების გამოყენება მათი საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცა. ამ პირობებში, პოლიტიკური რეკლამების მასშტაბის, დაფინანსებისა და ძირითადი განმთავსებლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი ხელს უწყობს პოლიტიკური კომუნიკაციის პროცესების გამჭვირვალობის გაზრდასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციების იდენტიფიცირებას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) პერიოდულად აკვირდება Meta-ს პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი და მესენჯერი) საქართველოს აუდიტორიისთვის პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ განთავსებულ რეკლამებს. მონიტორინგის მიზანია პოლიტიკური რეკლამების განმთავსებლების, მათი სარეკლამო დანახარჯებისა და სოციალურ მედიაში მიმდინარე პოლიტიკური სარეკლამო კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესწავლა, ასევე ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა (Meta Ad Library) არჩევნების, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამების საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს აერთიანებს, რაც ციფრულ სივრცეში პოლიტიკური სარეკლამო აქტივობის სისტემური შესწავლის შესაძლებლობას ქმნის. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია, შეფასდეს, რომელი აქტორები იყენებენ ყველაზე ინტენსიურად პოლიტიკურ რეკლამებს, რა მოცულობის ფინანსური რესურსები იხარჯება მათზე და როგორ იცვლება მათი სარეკლამო აქტივობა დროთა განმავლობაში.
წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი მიმოიხილავს Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 2026 წლის მეორე კვარტალში, 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში, განთავსებულ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებს. ანგარიში ეფუძნება Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს და აანალიზებს გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობას, სარეკლამო დანახარჯებს, ძირითად განმათავსებლებსა და 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გამოვლენილ ცვლილებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების სარეკლამო აქტივობას, ასევე იმ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა.
II. ძირითადი მიგნებები
- Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული პოლიტიკური რეკლამების ხარჯები, წინა კვარტალთან შედარებით, 2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში 5.9%-ით გაიზარდა;
- მთლიანი სარეკლამო ხარჯების 43% პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მის წარმომადგენლებზე მოდიოდა, ხოლო 38% - მთავრობისა და საჯარო უწყებების გვერდებზე;
- წინა კვარტალთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წევრებმა 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით Meta-ს პლატფორმებზე 47%-ით მეტი ღირებულების რეკლამები განათავსეს, ხოლო სამთავრობო გვერდებმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 34%-ით მეტი სარეკლამო დანახარჯი გასწიეს, ვიდრე ამავე წლის იანვარი-მარტის პერიოდში.
- „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიების სარეკლამო დანახარჯები, წინა კვარტალთან შედარებით, 3.7-ჯერ გაიზარდა;
- დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სარეკლამო აქტივობა Meta-ს პლატფორმებზე სრულად შეწყდა. მეორე დასანქცირებული ტელევიზიის, „პოს ტვ“-ის, სახელით რეკლამები აღარ გამოქვეყნებულა, თუმცა ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის ფეისბუქგვერდზე რეკლამები შეზღუდული ოდენობით მაინც განთავსდა;
- Meta-ს პოლიტიკურ რეკლამებზე ქართული პარტიების მიერ გაწეული სარეკლამო დანახარჯების 84%-ზე მეტი „ქართულ ოცნებასა“ და მის წარმომადგენლებზე მოდიოდა.
III. Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების ძირითადი ტენდენციები
2026 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 580 გვერდის/ანგარიშის მიერ პოლიტიკური ან სოციალური შინაარსის მქონედ მონიშნული 8,947 რეკლამა განთავსდა. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 346,411 აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 6%-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სარეკლამო დანახარჯებს (327,165 აშშ დოლარი).
|
|
1 აპრილი - 29 ივნისი, 2026 |
1 იანვარი - 31 მარტი, 2026 |
ცვლილება (%) |
|
პოლიტიკური რეკლამების განმათავსებელი გვერდების/ანგარიშების რაოდენობა |
580 |
489 |
+18.61% |
|
გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობა |
8,947 |
8,967 |
-0.22% |
|
დახარჯული თანხა (აშშ დოლარი) |
346,411 |
327,165 |
+5.88% |
Meta-ს პლატფორმებზე 2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებზე ჯამურად გადახდილი თანხის დაახლოებით 43% პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯებზე მოდიოდა, 38% კი - მთავრობისა და საჯარო უწყებების ხარჯებზე. წინა კვარტალთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წევრებმა 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით Meta-ს პლატფორმებზე 47%-ით მეტი ღირებულების რეკლამები განათავსეს, ხოლო სამთავრობო გვერდებმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 34%-ით მეტი სარეკლამო დანახარჯი გასწიეს, ვიდრე ამავე წლის იანვარი-მარტის პერიოდში. ამავდროულად, მონიტორინგის პერიოდში 3.7-ჯერ გაიზარდა „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიების - „ხალხის ძალის“, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და „ევროპელი სოციალისტების“ ჯამური სარეკლამო დანახარჯები. პარალელურად, 87%-ით შემცირდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების გვერდების მიერ გაწეული ხარჯები. აღნიშნულის მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის სანქცირება გახდა, რის გამოც მათ კუთვნილ ფეისბუქგვერდებზე რეკლამების განთავსება შეეზღუდათ.

შენიშვნა: თითოეულ კატეგორიაში მოცემულია მინიმალური დახარჯული თანხის ოდენობა.
მონიტორინგის პერიოდში ყველაზე მეტი რეკლამა (2,782) მთავრობისა და საჯარო უწყებების გვერდებზე განთავსდა. წინა კვარტალთან შედარებით, გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა ყველა წარმოდგენილ კატეგორიაში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიის გამოკლებით. ამ უკანასკნელ კატეგორიაში რეკლამების რიცხვი, მიმდინარე წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით, 3.6-ჯერ შემცირდა.

IV. რეკლამების განმათავსებელი ძირითადი გვერდები: აქტივობა, დანახარჯები და დინამიკა
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული რეკლამების უმრავლესობა (52%) ქვემოთ მოცემულ 15 ფეისბუქგვერდზე მოდიოდა. მათ შორის ყველაზე აქტიური საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდი იყო. ამ გვერდზე დაკვირვების პერიოდში დღეში საშუალოდ 10 რეკლამა თავსდებოდა.

სარეკლამო დანახარჯებით ლიდერმა 15-მა გვერდმა მონიტორინგის პერიოდში მთლიანი ხარჯების 71% გასწია. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის რეკლამებისთვის დაიხარჯა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 70 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც 66%-ით მეტია წინა კვარტლის პერიოდში ამავე გვერდის სარეკლამო დანახარჯზე. მონიტორინგის 90 დღიან პერიოდში 50 ათას აშშ დოლარამდე დაიხარჯა საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდის რეკლამებისთვის. სარეკლამო დანახარჯების ოდენობით მესამე ადგილი კი ირაკლი კობახიძის ოფიციალურ გვერდს ერგო, რომელზეც სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 37 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების რეკლამები განთავსდა.

წინა კვარტალთან შედარებით, რეკლამების რაოდენობის მაქსიმალური ვარდნა დაფიქსირდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების - „პოს ტვ“-ის, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ნიუსჰაბის“ გვერდებზე. მათ შორის, გვერდებზე „POSTV News“, „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV - ამბები“ და „TV Imedi“ მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში არცერთი რეკლამა არ განთავსებულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ცრუ მედიის გვერდის - „ახლა • Akhla“ და პროსახელისუფლებო მედიასაშუალების - „საერთო გაზეთის“ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული რეკლამების რიცხვი. სარეკლამო აქტივობის ზრდით მონიტორინგის პერიოდში ასევე გამოირჩეოდნენ საქართველოს მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების, პარლამენტის, პარტიების „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ოფიციალური გვერდები, აგრეთვე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანონიმური გვერდი „ოცნების მხარდამჭერები“ და სხვ.
5-5 ფეისბუქგვერდი, წინა კვარტალთან შედარებით, გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის მაქსიმალური ზრდითა და კლებით
სანქცირებული პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები გამოირჩეოდნენ სარეკლამო დანახარჯების მაქსიმალური კლებითაც. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია „პოს ტვ“-ისა და „იმედის“ სამი გვერდი „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV News“ და „TV Imedi“, რომლებზეც 2026 წლის პირველ კვარტალში - 58,451 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამები გამოქვეყნდა, ხოლო მეორე კვარტალში - არცერთი. აპრილი-ივნისის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა „რუსთავი 2“-ის გვერდზე დეკლარირებული სარეკლამო ხარჯებიც. აღსანიშნავია ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ოფიციალური ფეისბუქგვერდის სარეკლამო ხარჯების 66%-ით კლება. პარალელურად, ამდენივე პროცენტით გაიზარდა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო დანახარჯი. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სარეკლამო ხარჯების ზრდით მას მოჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარტია „ხალხის ძალის“ და სხვა გვერდები.
5-5 ფეისბუქგვერდი, წინა კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დანახარჯის მაქსიმალური ზრდითა და კლებით
V. მედიასაშუალებების მიერ განთავსებული რეკლამები
Meta-ს პლატფორმებზე დასპონსორებული პოსტებით გამორჩეული ორი პროსახელისუფლებო მედიასაშუალების, „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის, რეკლამირების შეზღუდვის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (844) მიმდინარე წლის მეორე კვარტლის განმავლობაში ყველა ქართული მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის (1,083) 78% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა (არანაკლებ 11,582 აშშ დოლარი) მედიის გვერდებზე სარეკლამო დანახარჯების (არანაკლებ 15,508 აშშ დოლარი) 75%-ს გაუტოლდა. მათ შორის ყველაზე მეტი სარეკლამო დანახარჯი „რუსთავი 2“-ისა და „ნიუსჰაბის“ გვერდების მიერ იქნა გაწეული, ხოლო გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობით ასევე გამოირჩეოდა „საერთო გაზეთი“. მიუხედავად იმისა, რომ „პოს ტვ“-ის სახელით რეკლამები აღარ გამოქვეყნებულა, ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის - „გეიმშოუს“ გვერდზე რეკლამების განთავსება 2026 წლის მეორე კვარტალშიც გრძელდებოდა.


VI. პოლიტიკური პარტიების სარეკლამო კამპანია
Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, კვლავ მკვეთრი დომინირებით ხასიათდებოდა „ქართული ოცნება“, რომლის სარეკლამო ხარჯების ოდენობამ ყველა ქართული პარტიის მიერ Meta-ს პოლიტიკურ რეკლამებში გადახდილი თანხის 84%-ზე მეტი შეადგინა. „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენელი პოლიტიკოსების გვერდებზე 2026 წლის მეორე კვარტალში 150 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 1,729 რეკლამა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2026 წლის მეორე კვარტალში სარეკლამო დანახარჯების ოდენობით, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, მეორე და მესამე ადგილები „ქართული ოცნების“ სატელიტმა პარტიებმა - „ხალხის ძალამ“ და „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ - დაიკავეს“. მოცემული პარტიებისა და მათი წარმომადგენლების კუთვნილ გვერდებზე ჯამში 15,893 აშშ დოლარის ღირებულების 387 რეკლამა გამოქვეყნდა.

