პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე საქართველოში: 2026 წლის მესამე კვარტალი
კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი
I. შესავალი
ციფრული პლატფორმები თანამედროვე პოლიტიკურ კომუნიკაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო უწყებები, მედიასაშუალებები და სხვა აქტორები სოციალური მედიის საშუალებით ფართო აუდიტორიას ყოველდღიურად აწვდიან პოლიტიკურ გზავნილებს, ხოლო მიზნობრივი რეკლამების გამოყენება მათი საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცა. ამ პირობებში, პოლიტიკური რეკლამების მასშტაბის, დაფინანსებისა და ძირითადი განმთავსებლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი ხელს უწყობს პოლიტიკური კომუნიკაციის პროცესების გამჭვირვალობის გაზრდასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციების იდენტიფიცირებას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) პერიოდულად აკვირდება Meta-ს პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი და მესენჯერი) საქართველოს აუდიტორიისთვის პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ განთავსებულ რეკლამებს. მონიტორინგის მიზანია პოლიტიკური რეკლამების განმთავსებლების, მათი სარეკლამო დანახარჯებისა და სოციალურ მედიაში მიმდინარე პოლიტიკური სარეკლამო კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესწავლა, ასევე ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა (Meta Ad Library) არჩევნების, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამების საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს აერთიანებს, რაც ციფრულ სივრცეში პოლიტიკური სარეკლამო აქტივობის სისტემური შესწავლის შესაძლებლობას ქმნის. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია, შეფასდეს, რომელი აქტორები იყენებენ ყველაზე ინტენსიურად პოლიტიკურ რეკლამებს, რა მოცულობის ფინანსური რესურსები იხარჯება მათზე და როგორ იცვლება მათი სარეკლამო აქტივობა დროთა განმავლობაში.
წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი მიმოიხილავს Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 2026 წლის მესამე კვარტალში, 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, განთავსებულ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებს. მიმოხილვა ეფუძნება Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს და აანალიზებს გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობას, სარეკლამო დანახარჯებს, ძირითად განმათავსებლებსა და 2026 წლის მეორე კვარტალთან შედარებით გამოვლენილ ცვლილებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების სარეკლამო აქტივობას, ასევე იმ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა.
II. ძირითადი მიგნებები
- Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული პოლიტიკური რეკლამების ხარჯები, წინა კვარტალთან შედარებით, 2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში 19%-ით შემცირდა და 279,755 აშშ დოლარი შეადგინა, ასევე, შენარჩუნდა მთავრობისა და მმართველი პარტიის მკვეთრი დომინირების ტენდენცია;
- მთლიანი სარეკლამო ხარჯების 41% მთავრობისა და საჯარო უწყებების გვერდებზე მოდიოდა, 36% კი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მის წარმომადგენლებზე;
- „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პროპაგანდისტულ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების რიცხვი, წინა კვარტალთან შედარებით, 53%-ით გაიზარდა;
- Meta-ს პოლიტიკურ რეკლამებზე ქართული პარტიების მიერ გაწეულ სარეკლამო დანახარჯებში „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამირებაში გადახდილი თანხის წილმა 78%-ზე მეტი შეადგინა.
III. Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამირების ძირითადი ტენდენციები
2026 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 670 გვერდის/ანგარიშის მიერ პოლიტიკური ან სოციალური შინაარსის მქონედ მონიშნული 8,447 რეკლამა განთავსდა. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 279,755 აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 19%-ით ჩამორჩება წინა კვარტლის სარეკლამო დანახარჯებს (346,411 აშშ დოლარი).
Meta-ს პლატფორმებზე 2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებზე ჯამურად გადახდილი თანხის დაახლოებით 41% მთავრობისა და საჯარო უწყებების სარეკლამო დანახარჯებზე მოდიოდა, 36% კი - პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების ხარჯებზე.

მონიტორინგის პერიოდში ყველაზე მეტი რეკლამა (2,239) მთავრობისა და საჯარო უწყებების გვერდებზე განთავსდა. ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების, აგრეთვე მთავრობისა და საჯარო უწყებების კუთვნილ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების რიცხვი. პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული გვერდების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობა. ზრდა დაფიქსირდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედი მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდების სარეკლამო აქტივობაშიც.

IV. რეკლამების განმათავსებელი ძირითადი გვერდები: აქტივობა, დანახარჯები და დინამიკა
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული რეკლამების უმრავლესობა (58%) ქვემოთ მოცემულ 15 ფეისბუქგვერდზე მოდიოდა. მათ შორის ყველაზე აქტიური „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული გვერდი „ახლა • Akhla“ იყო, რომელიც ონლაინ მედიის სახელით მოქმედებს. ამ გვერდზე დაკვირვების პერიოდში დღეში საშუალოდ 13 რეკლამა თავსდებოდა.

სარეკლამო დანახარჯებით ლიდერმა 15-მა გვერდმა მონიტორინგის პერიოდში მთლიანი ხარჯების 69% გასწია. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის რეკლამებისთვის დაიხარჯა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 45 ათასამდე აშშ დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩება მოცემული გვერდის წინა კვარტლის სარეკლამო ხარჯების ოდენობას. მონიტორინგის 90 დღიან პერიოდში თითქმის 40 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამები განთავსდა „ქართული ოცნების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. 30 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა ირაკლი კობახიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული რეკლამების ღირებულებაც.

V. მედიასაშუალებების მიერ განთავსებული რეკლამები
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (987) მიმდინარე წლის მესამე კვარტლის განმავლობაში ყველა ქართული მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის (1,162) 85% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა (არანაკლებ 9,361 აშშ დოლარი) მედიის გვერდებზე სარეკლამო დანახარჯების (არანაკლებ 14,101 აშშ დოლარი) 66%-ს გაუტოლდა. მათ შორის ყველაზე მეტი სარეკლამო დანახარჯი „რუსთავი 2“-ისა და „ნიუსჰაბის“ გვერდების მიერ იქნა გაწეული, ხოლო გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობით, ასევე, გამოირჩეოდა „საერთო გაზეთი“. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქართული მედიასაშუალებების („იმედი“ და „პოსტ ტვ“) სახელით რეკლამები აღარ გამოქვეყნებულა, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთი გადაცემის - „გეიმშოუს“ გვერდზე რეკლამების განთავსება 2026 წლის მესამე კვარტალშიც გრძელდებოდა.


VI. პოლიტიკური პარტიების სარეკლამო კამპანია
Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, კვლავ მკვეთრი დომინირებით ხასიათდებოდა „ქართული ოცნება“, რომლის სარეკლამო ხარჯების ოდენობამ ყველა ქართული პარტიის მიერ Meta-ს პოლიტიკურ რეკლამებში გადახდილი თანხის 78%-ზე მეტი შეადგინა. „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენელი პოლიტიკოსების გვერდებზე 2026 წლის მესამე კვარტალში 100 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 1,174 რეკლამა გამოქვეყნდა.

