სიახლეები

პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე 2026 წლის მარტის თვეში

„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების ყოველთვიურ მიმოხილვას. 2026 წლის 2-31 მარტის პერიოდში  ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 278 გვერდის/ანგარიშის მიერ პოლიტიკური ან სოციალური შინაარსის მქონედ მონიშნული 2,975 რეკლამა განთავსდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 97,184 აშშ დოლარი შეადგინა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემული სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 39% პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების გვერდებზე განთავსებული რეკლამების ხარჯებზე მოდიოდა, 37% - სამთავრობო და საჯარო უწყებების გვერდების, 11% - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, 6% კი ამავე პარტიასთან დაკავშირებული პოლიტიკური გაერთიანებებისა და პროპაგანდისტული გვერდების სარეკლამო ხარჯებზე. ყველა სხვა გვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ მთლიანი სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 7% შეადგინა. 

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული რეკლამების 55% ქვემოთ მოცემულ 15 ფეისბუქგვერდზე მოდიოდა. მათ შორის ყველაზე აქტიური „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული გვერდი „ახლა • Akhla“ იყო. მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობით მას მოჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელი გვერდი - „Georgia First NEWS“, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიის გვერდი - „საერთო გაზეთი“, ასევე “ქართული ოცნების“ ოფიციალური“ ფეისბუქგვერდი და სხვ. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „პოს ტვ“-ის ახლადშექმნილი ფეისბუქგვერდიც - „POSTV - ამბები“, რომელიც ამჟამად პლატფორმაზე აღარ იძებნება. 

სარეკლამო დანახარჯებით ლიდერმა 15-მა გვერდმა მონიტორინგის პერიოდში მთლიანი ხარჯების 73% გასწია. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის ოფიციალური გვერდების რეკლამებისთვის დაიხარჯა (თითოეულ გვერდზე - დაახლ. 13-16 ათასი აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ, წინა პერიოდისგან განსხვავებით, გასულ თვეში სარეკლამო დანახარჯებით ლიდერ გვერდებს შორის აღარ იყო წარმოდგენილი „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის გვერდები, რომლებსაც Meta-ს პლატფორმებზე რეკლამების განთავსება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების დასანქცირების გამო შეეზღუდათ. 

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (641) მიმდინარე წლის მესამე 30 დღის განმავლობაში ყველა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის 83% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა (არანაკლებ $10,274 აშშ დოლარი) ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 86%-ს გაუტოლდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის გვერდებზე 2 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში 8-ჯერ ნაკლები რაოდენობის რეკლამა განთავსდა, ვიდრე წინა 30 დღის განმავლობაში, ხოლო გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 28-ჯერ ჩამორჩებოდა 31 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით დახარჯული თანხის ოდენობას. მოცემულმა მედიასაშუალებებმა სანქციებით გამოწვეულ შეზღუდვებზე გვერდის ავლა ახალი ფეისბუქგვერდების შექმნით სცადეს, თუმცა მონიტორინგის პერიოდის ბოლოსათვის არცერთი ახალი გვერდი, რომლებზეც რეკლამები განთავსდა, მათ შორის - „POSTV - ამბები“, „POSTV – Insight“ და „იმედის მხარდამჭერები“, აღარ იძებნებოდა. 

პოლიტიკურ პარტიებს შორის კვლავ მკვეთრი დომინირებით ხასიათდებოდა „ქართული ოცნების“ სარეკლამო კამპანია. ამ პარტიისა და მისი წარმომადგენელი პოლიტიკოსების გვერდებზე 2-31 მარტის პერიოდში 37 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 461 რეკლამა გამოქვეყნდა. „ქართული ოცნების“ სარეკლამო დანახარჯების ოდენობამ გასულ თვეში პარტიების მიერ Meta-ს რეკლამებში გადახდილი ჯამური თანხის დაახლოებით 89% შეადგინა.