სიახლეები

„ქართული ოცნების” პროპაგანდისტული საშუალებების დისკრედიტაციული კამპანია გიორგი კალატოზისა და ტატო ბაციკაძის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემა მრავალი წელია, აქტიურ დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების, კრიტიკული სარედაქციო      პოლიტიკის მქონდე მედიის, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა თუ აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ, რის შესახებაც „სამართლიან არჩევნებს” არაერთხელ დაუწერია. ამასთან, უწყვეტი პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეები ხშირად ხდებიან სხვა პირებიც, რომლებიც კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. ამგვარი თავდასხმის ობიექტები ბოლოს      სპორტული მიმომხილველები და ე.წ. „იუთუბერები”, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძეც, გახდნენ.

2026      წლის 22 ივნისს იუთუბ     გადაცემა „ორშაბათობის“ პირდაპირ ეთერში იუთუბერი გიორგი კალატოზი სპორტული ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილის, მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ბულინგს გამოეხმაურა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კლდიაშვილის მხრიდან ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით კრიტიკული შეფასება წლების წინ გავრცელდა, ჟურნალისტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი კამპანია დღემდე გრძელდება. კალატოზმა დამატებით აღნიშნა, რომ ყოველი მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია აღწევს, კვლავ აქტიურდება კლდიაშვილისა და სხვა მსგავსი კრიტიკის ავტორების მიმართ ნეგატიური შეტევები, რაც, მისი შეფასებით, არასწორი და გაუმართლებელია.

23 ივნისს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, ცრუ      ექსპერტებმა      და ანონიმურმა გვერდებმა და ანგარიშებმა გიორგი კალატოზის კომენტარი კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ აღნიშნულთ     ან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდების უმრავლესობას არ ახლდა სრული ციტატა. მათ პოსტებში მთავარი აქცენტი იყო კალატოზის ფრაზაზე „იმ ვიდეოში რაღაცები სიმართლე იყო“, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ძველ ეთერს შეეხებოდა. აღნიშნული ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯითა და ინტერპრეტაციით შეიქმნა ნარატივი, თითქოს გიორგი კალატოზი ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფასა და ლანძღვას ამართლებდა. პოსტების ნაწილი ფეისბუქზე დარეკლამებული იყო.

 

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე მხოლოდ გიორგი კალატოზი არ ყოფილა. მადისკრედიტირებელი გზავნილები შეეხო გადაცემის თანაწამყვან ტატო ბაციკაძესაც. გავრცელებული ქარდები ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს წამყვანები ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ან დამაკნინებელ განცხადებებს აკეთებდნენ. ამ ნარატივის გასაძლიერებლად, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „პოსტივიმ“ გიორგი კალატოზის ზემოხსენებული კომენტარი ორივე წამყვანს მიაწერა, რითაც აუდიტორიას შეუქმნა წარმოდგენა, რომ აღნიშნულ შეფასებას ტატო ბაციკაძეც იზიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი მხოლოდ კალატოზს ეკუთვნოდა.

პროპაგანდისტული კამპანია იუთუბგადაცემის წამყვანებს აზარტული თამაშების რეკლამირებასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობასაც მიაწერდა. გავრცელებულ პოსტებში იუთუბერებს „აზარტული დამოკიდებულებების გამღვივებლად“ და „კაზინოს პიარშიკებად“ მოიხსენიებდნენ. მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურად პოსტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ქეთევან მიქიაშვილის სახელით მოქმედი ყალბი ანგარიში აქვეყნებდა. ამ გზავნილის ტირაჟირების მიზნით ანონიმური გვერდების მიერ ფეისბუზე განთავსდა დარეკლამებული კარიკატურა და ქარდები. აღსანიშნავია, რომ მოცემული იუთუბერების წინააღმდეგ იდენტური გზავნილის გავრცელებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედმა ანონიმურმა გვერდმა დასპონსორებული ქარდი ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილშიც მიუძღვნა, წარწერით - „იცნობდეთ  ვის გამო იკლავენ თავს თქვენი შვილები!“. 

„ქართული ოცნების“ მედიასაშულებებმა აქტიურად გაავრცელეს ჯაბა ხუბუას კომენტარიც, რომელიც „ორშაბათობის“ მაყურებელთა შორის ახალგაზრდა აუდიტორიაზე აპელირებდა და წამყვანებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის აზარტული თამაშების შეთავაზებაში ადანაშაულებდა. გზავნილების ნაწილი წამყვანებს „ლიბერალ-აკაცუკებად“ და „ნაცებად“ მოიხსენიებდა.

„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი გვერდებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვზე ხუმრობის ვიდეოფრაგმენტიც. ხუმრობის ავტორის სიახლოვეს იუთუბერი გიორგი კალატოზიც ფიგურირებდა. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოების მიერ აქტიურად იქნა ტირაჟირებული ამავე პარტიასთან აფილირებული ცრუ ექსპერტების     , გია აბაშიძისა და დავით ჩიხელიძის, კომენტარებიც, რომლებშიც ხუმრობას კალატოზს მიაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ პოსტებს თან ახლდა შეურაცხმყოფელი შეფასებებიც.

 

 

 

 

 

გიორგი კალატოზის დისკრედიტაციის მიზნით, ერთ-ერთმა ანონიმურმა გვერდმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანონიმური აქტორების მიერ სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოყენებულ ცრუ მხარდაჭრის ტაქტიკასაც მიმართა. კერძოდ, გამოქვეყდა პროპაგანდისტული დასპონსორებული პოსტი „ქართული კაზინოების ასოციაციის“ სახელით, რომელიც თითქოს გიორგი კალატოზს მხარდაჭერას უცხადებდა და აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მის მიერ გაკეთებული რეკლამის შედეგად საქართველოს 12 ათასი მოქალაქე ჩაერთო აზარტულ თამაშებში. აღსანიშნავია, რომ მოცემულ გვერდს წარსულში გამოქვეყნებული აქვს ასევე დეზინფორმაციული რეკლამები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - ხატია დეკანოიძისა და ლევან გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ.

გიორგი კალატოზისა და ტატო ბაციკაძის წინააღმდეგ „ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პირების მიერ წარმოებული მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია იმით აიხსნება, რომ აღნიშნულმა სპორტულმა მიმომხილველებმა რამდენიმეჯერ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ სიტუაციასა და „ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე.