სიახლეები

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან, 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, მათ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა, ასევე, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების და  პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობრივი ანალიზი. 


“331 კანონპროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარადგინეს, მხოლოდ 36 დეპუტატზე ნაწილდება.  მათ შორის ყველაზე მეტი, 41 წარდგენილი აქვს დავით ონოფრიშვილს, მეორე ადგილზეა ვახტანგ ხმალაძე 33 წარდგენილი კანონპროექტით, მესამე ადგილზე კი თამარ კორძაია მერვე მოწვევის პარლამენტში წარდგენილი 22 კანონპროექტით“,-ამბობს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.

მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%. ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა. საანგარიშო პერიოდში, მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასოდეს გაუცდენია მხოლოდ 11 დეპუტატს. 


საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში