სიახლეები

საკრებულოების შუალედური არჩევნების დღის საბოლოო შეფასება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ყველა საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ლაგოდეხის 4 საარჩევნო უბანზე, მარტვილის 2 საარჩევნო უბანზე და ადიგენის 1 საარჩევნო უბანზე დააკვირდა.

ძირითადი მიგნებები

არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას. რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

სამართლიანი არჩევნები ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ არაერთი მოწოდებისა და რეკომედაციის მიუხედავად საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზებას და ამომრჩევლის აღრიცხვას კვლავ მასშტაბური სახე ჰქონდა.

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელიგახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსდაფინანსებითგანცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდსამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა არგამოხატავდეს USAID-ის შეხედულებებს.