სიახლეები

„სამართლიანი არჩევნები“ ხელისუფლებას მოუწოდებს უმოკლეს ვადებში დაიწყოს რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს,  რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს  არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას. 

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  შევიმუშავეთ რეკომენდაციები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას უმოკლეს ვადებში დაიწყოს რეგიონალურ პროპორციული სისტემის განხილვა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამ საარჩევნო სისტემის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ასევე არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია 2014 წლის 1 ოქტომბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში. 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესის და დისკუსიის საგანს. შესაბამისად, მივესალმებით მოცემული საკითხის ირგვლივ ფართო მასშტაბურ განხილვებს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ მოცემული და ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემების განხილვაში. ამასთან, მოხარული ვიქნებით, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შემოუერთდებიან საარჩევნო სისტემის შესახებ რეკომენდაციებს.