სიახლეები

'სამართლიანი არჩევნები' თერჯოლის მუნიციპალიტეტის კომისიას მოუწოდებს ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება

"სამართლიანი არჩევნები" მიესალმება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურო-საატესტაციო კომისიას ხელახლა ჩაატაროს გასაუბრების ეტაპი.

2015  წლის 10 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიამ  განიხილა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა საჩივრები. ისინი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვნენ და კომისიას   გასაუბრების პროცესის არაობიექტურად ჩატარებაში ადანაშაულებდნენ.

,,სამართლიანი არჩევნები“ ჩართული იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგში და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა კონკურსის მონაწილეებთან. ორგანიზაციის შეფასებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა საჯაროობის პრინციპის  დარღვევით მიმდინარეობდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კომისიის მიერ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირების უფლება შეეზღუდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებსაც. 

 ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან საუბარში კონკურსში მონაწილე 10-მდე პირმა განაცხადა, რომ მათი შერჩევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დარღვევით მოხდა. მათ კომისიის წევრებმა შეკითხვები მხოლოდ კანონმდებლობიდან დაუსვეს. კომისიას არ უხელმძღვანელია გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით, რაც კომისიის დებულებით იყო განსაზღვრული და  კანდიდატის უნარ-ჩვევების შემოწმებას მოითხოვდა. მათი განცხადებით, კომისიამ გასაუბრების პროცესში ისეთ  კრიტერიუმთან დაკავშირებით, როგორიცაა ,,სამუშაო გამოცდილება’’ შეფასება არაობიექტურად გააკეთა, კერძოდ, იმ კონკურსანტებს, რომლებსაც  უფრო ნაკლები სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ კომისიის წევრებმა გაცილებით უფრო მაღალი  შეფასება დაუწერეს.

პოზიტიურად ვაფასებთ საპრეზენზიო კომისიის მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც საკონკურსო-კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეფასების ფორმის გარეშე ჩატარებული გასაუბრება უკანონოდ იქნა მიჩნეული. საპრეტენზიო კომისიის განმარტებით, კანდიდატთა გასაუბრების პროცესი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N37 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების საფუძველზე უნდა წარმართულიყო, რაც კომისიას ავალდებულებდა კანდიდატებით შეეფასებინა დებულებაში მოცემული შეფასების სქემისა და კრიტერიუმების მიხედვით, რაც კომისიის წევრების მიერ არ მომხდარა. საპრეტენზიო სხდომის ოქმი იხილეთ ქვემოთ.

,,სამართლიანი არჩევნების“ მიიჩნევს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული სუბიექტური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს აკისრიათ ვალდებულება კონკურსისა და ატესტაციის პროცედურები კანონმდებლობით და კომისიის დებულებით დადგენილი პრინციპების საფუძველზე წარმართონ. კომისიამ პროცესში მონაწილე პირთა შეფასება  წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოახდინოს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს არაობიექტური და უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

,,სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას:

 გაითვალისწინოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში ასახული შენიშვნები და კანდიდატების შესარჩევად ხელახლა ჩაატაროს გასაუბრების ეტაპი, რაც შესაძლებელს გახდის კანდიდატთა უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასებას, წინასწარ განსაზღვრული ობიექტური, კრიტერიუმების საფუძველზე.
 უზრუნველყოს საჯაროობის პრინციპის დაცვა და დაინტერესებულ მხარეებს მისცეს გასაუბრების პროცესზე დასწრებისა და  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება.