სიახლეები

სამართლიანი არჩევნების და საიას კონსტიტუციურ სარჩელს სასამართლო განიხილავს

2015 წლის 21 იანვარს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართება. საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო  პლენუმი განიხილავს. 

მოსარჩელეები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ   არაკონსტიტუციურად ცნოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები.  დამოუკიდებელ კანიდატებს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, რაც  წინააღმდეგობაში მოდის, კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებთან. 

გარდა ამისა, დამოუკიდებელი კანდიდატების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ თანასწორობის უფლებას (კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

არასამთავრობო ორგანიზაციები  მიიჩნევენ, რომ არსებული წესი აიძულებს მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქის უფლებასთან, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, რაც კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტით არის დაცული.