სიახლეები

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ

„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება 2015 წლის ივლისში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრების არჩევნებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატთა შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ორგანიზაცია, როგორც საკონკურსო კომისიის წევრი, ღია კონკურსის გამოცხადებისთანავე მონაწილეობას იღებდა  კომისიის მუშაობაში. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, უსკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატი უპარტიო პირი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და კანდიდატის პოლიტიკურ ნეიტრალურობას გულისხმობს. მიუხედავადა ამისა, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული 24 კანდიდატიდან 19 კანდიდატის საარჩევნო გამოცდილება სწორედ პოლიტიკურ პარტიებთან გაწეულ საქმიანობას უკავშირდება და ისინი ცალსახად ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. „სამართლიანი არჩევნები“ მუშაობის დაწყებისთანავე მოუწოდებდა კომისიას, რომ მომხდარიყო მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატების პროფესიული ნიშნით შერჩევა და შესაბამისად აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცემოდა. აღნიშნული მოთხოვნა კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენილი 9 კანდიდატიდან მხოლოდ 3, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი 6 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი  არ იყო ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. 

მიგვაჩნია, რომ უსკოს წევრებად არჩეული სამივე პირის პოლიტიკური ასოციაცია ამა თუ იმ პარტიასთან სრულიად აშკარაა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი არჩევა უმაღლესი საბჭოს მიერ. უსკოს წევრად არჩეული ზურაბ გოლიაძე 2003 წლიდან რამდენიმე წელი ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო რესპუბლიკური პარტიიდან,  2012 წლის არჩევნებზე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქობულეთის საარჩევნო ოლქში და პარალელურად კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის საარჩევნო შტაბში მუშაობდა იურისტად. კიდევ ერთი ახლადარჩეული წევრი, რამაზ გოლომანიძე, რომელიც ქედის საკრებულოს დეპუტატია, ამავე საკრებულოს მიერ მოწოდებული 6 ივლისის წერილის თანახმად ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე და პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრიცაა. მესამე წევრი კი, თორნიკე მჟავანაძე, 2013 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრი იყო, ხოლო 2012-2013 წლებში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ მოწვეული სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში. 
 
მიგვაჩნია, რომ უსკო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით უნდა სარგებლობდეს და მისი დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს ამ ორგანოს პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდა. 

გარდა ამისა, საკონკურსო კომისია, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატისა 5 წევრისა და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენლისგან შედგება, ვერ უზრუნველყოფს რეალურ პარიტეტს. მიგვაჩნია, რომ კომისიის მუშაობის მეტი ნეიტრალურობისა და ობიექტურობისთვის, ის თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორით. შესაბამისად, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას სამომავლოდ გადაიხედოს აღნიშნული კომისიის დაკომპლექტების წესი.