სიახლეები

სამართლიანი არჩევნების განცხადება არჩევნების მიმდინარეობაზე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განაგრძობს შუალედური არჩევნების მონიტორინგს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა პირველი განცხადება, რომელიც შეეხება უბნების გახსნიდან დღის 11:00 საათამდე მიმდინარე პროცესებს. წინამდებარე განცხადებაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას 11 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე. 

ძირითადი ტენდენციები

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ძირითადად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით და ორგანიზებულად მიმდინარეობს. ხმის მიცემა კვლავაც მშვიდ გარემოში ხორციელდება და ამომრჩეველს აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ უბნებზე გამოიკვეთა რიგი პრობლემები გადასატანი საარჩევნო ყუთის და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი დარღვევები

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნები“ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელთა დაკავშირებითაც საარჩევნო ადმინისტრაციას წარედგინება შესაბამისი საჩივრები: 
•    „სამართლიანი  არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც დამკვირვებლის სტატუსით უბანზე  თვითმმართველობის თანამდებობის პირი იმყოფებოდა. ამჯერად, ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ სახელით კენჭისყრის პროცესს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი აკვირდებოდა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლად არ შეიძლება დარეგისტრირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი. აღნიშნული ფაქტის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა შენიშვნა და ინცინდენტის შესახებ ეცნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
•    სამტრედიის #21 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ, სიაში არც ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე გადასატანი საარჩევნო ყუთი გაბათილდა. 

გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი საყურადღებო გარემოება, კერძოდ, სამივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებზე გაკრული ბიულეტენის ნიმუშზე(რომელიც შეიცავს კანდიდატების ჩამონათვალს), დატანილია ტექსტი „მაჟორიტარი კანდიდატები“. ცალკეული კანდიდატის საარჩევნო ნომერი მოქცეულია  აღნიშნული წარწერის წრიულ მოხაზულობაში, რაც ვიზუალურად აღიქმება, როგორც აგიტაცია კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ (იხ. თანდართული ფოტო მასალა). შესაძლებელია, აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული მიზანმიმართული ქმედებებით, თუმცა კანდიდატებსა და დამკვირვებლებში იწვევს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ მინიშნების ასოციაციას. მიგვაჩნია, რომ სანიმუშო მასალების დამზადებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსგავს ვიზუალურ დეტალებს არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით. 


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2013 წლის 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს სამივე საარჩევნო ოლქში მობილური ჯგუფების, ოლქის დამკვირვებლებისა და 60 უბანზე მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ორგანიზაციაში ასევე ფუნქციონირებს შMშ და ინციდენტ-ცენტრები, რომელთაც დამკვირვებლები აწვდიან ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე პროცესის მიმდინარეობისა და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. გარდა ამისა, რიგით მოქალაქეებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი მობილური ქსელიდან გამოაგზავნონ ინფორმაცია უფასო SMS ნომერზე 90039.