სიახლეები

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა


პრესრელიზი



„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა


„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი.    69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა.


მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ.  საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში  დათხოვილ იქნა 418 რწმუნებული.


გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო. ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები. ყველაზე მასიური დათხოვნა ახმეტაში დაფიქსირდა, სადაც „ოპტიმიზაციის“ პროცესი 205 თანამშრომელს შეეხო. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, კასპის ბაგა-ბაღებში „ქართული ოცნების“ წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრდათ.


გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში   ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა.რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა.   კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში      გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.


გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადები არცერთ მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში არ დარღვეულა.       ინფორმაცია მიღებულ იქნა ყველა მუნიციპალიტეტიდან, გარდა ქარელისა, სადაც   გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ოსაძემ გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირთა ვინაობა და თანამდებობები არ გაასაჯაროვა.


„სამართლიანი არჩევნები“ გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების უფრო მეტი ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს მოვუწოდებთ თანამდებობაზე აყვანა და გათავისუფლება მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის სრული დაცვით განხორციელდეს.