სიახლეები

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებები და რეკომენდაციები სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მინარეთის მოშლით და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე გააკეთა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად უშუალო რეკომენდაციებით მივმართავთ  სხვადასხვა უწყებებს და მოვუწოდებთ, იმოქმედონ მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ საქართველოს განურჩევლად ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების თანაბარი დაცვა. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სამართლებრივ გარანტიებს რელიგიის თავისუფლების დაცვისათვის და კრძალავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რელიგიის ან აღმსარებლობის გამო. 

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და  არ არსებობს „სახელმწიფო რელიგიის“ ცნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები ცალსახად აცხადებენ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას და კრძალავენ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას რელიგიური ნიშნით, სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონდა ადგილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა გამოვლინებებს, მათ შორის მუსლიმთა ლოცვის რიტუალებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს. როგორც 2012 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში აღინიშნა,  გამოუძიებელი დარჩა დანაშაულის ნიშნების შემცველი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი არაერთი ფაქტი. 

სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური რეაგირებისა და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობის შედეგია 2013 წლის 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც აღნიშნული უწყების განცხადებით სასაქონლო ექსპერტიზის მიზნებისთვის განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე არაერთი უწყების მხრიდან  მოხდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევა:  

პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება 

მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაკავებული იქნა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც სხვადასხვა სასჯელი შეეფარდათ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არასათანადო ჩარევა რელიგიურ დაპირისპირებაში 

სრულიად გაუმართლებლად და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის - ოლეგ სანდროშვილისა და ახალციხის გამგებლის - ბესიკ ბლიაძის მართლმადიდებელი მოსახლეობის მხარდამჭერ აქციაზე მისვლა და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი აქციის მოთხოვნებს უერთდებიან. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ხელისუფლების  მიერ რომელიმე რელიგიის წარმომადგენლების პოზიციის დაკავება. 

იუსტიციის მინისტრის პოზიცია

მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომლის განცხადებით, მინარეთის მშენებლობის უფლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეთა საერთო კონსულტაციის გზით უნდა მოხდეს. მიგვაჩნია, რომ საერთო კონსულტაცია მხოლოდ ერთი აღმსარებლობის საკულტო ნაგებობების არსებობა-არარსებობის შესახებ კონკრეტული რელიგიური გაერთიანებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს. 

მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში

ასევე, საგანგაშოდ მიგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთა განცხადება და მათ მიერ მართლმადიდებელი მრევლისადმი მიცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ არ მოხდება მინარეთის აღმართვა. ვფიქრობთ, რომ ეკლესიას არა აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში. სწორედ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რელიგიის თავისუფლება, არადისკრიმინაციული მოპყრობა თითოეული აღმსარებლობისადმი და კანონმდებლობითა თუ საერთაშორისო მექანიზმებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმებისადმი პატივისცემა. 

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

ხელისუფლებას - ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს დისკრიმინაციულ მიდგომას სხვადასხვა აღმსარებლობების მიმართ;
შემოსავლების სამსახურს - იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა ღონე იხმაროს, რათა თავი აარიდოს ისეთ ჩარევებს, რაც შესაძლოა რელიგიური შუღლის საფუძველი გახდეს;
შინაგან საქმეთა სამინისტროს - გამოიძიოს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები, მომავალში კი პოლიციამ თავი შეიკავოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაში არაპროპორციული ჩარევისაგან;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით ნუ შეუწყობენ ხელს დისკრიმინაციული გარემოს გაღვივებას და ერთნაირად გაითვალისწინონ ყველა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეების ინტერესები და კანონიერი მოთხოვნები;
იუსტიციის მინისტრს - თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ერთი კონკრეტული რელიგიის მიმდევრების დისკრიმინაცას წარმოადგენს;
მართლმადიდებლურ ეკლესიას - თავი შეიკავოს იმ საქმიანობაში ჩარევისაგან, რომელიც სახელმწიფოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება და მოუწოდოს სასულიერო პირებს მეტი ტოლერანტულობისაკენ სხვა აღმსარებლობების მიმართ;
მედიას - აქტიურად და ობიექტურად გააშუქოს რელიგიური უმცირესობის საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული არატოლერანტული გარემოს გაუმჯობესებას.