სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა ერთობლივი განცხადება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პრო

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და  პროცედურული გარანტიები.

მთავრობის არგუმენტი, რომ რეპრესიული და ეფექტური მექანიზმების იმპელემნტაციისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება ამ ეტაპზე არ არის მზად, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დისკრიმინაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს და დაჯარიმება შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც უკიდურესი სამართლებრივი რეაგირების საშუალება.

კანონის განსახილველ პროექტში განსაკუთრებით სადავოა მე-5 მუხლის მეორე და მესამე პუნქტები, რომელიც კანონის დებულებების არასწორი გამოყენების და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გაუმართლებელ შეზღუდვებს ადგენს და კანონის ინტერპრეტირებას დომინანტი ჯგუფების ინტერესების პრიზმიდან გვთავაზობს, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არავალიდურია, თუმცა კანონპროექტის ღირებულებით სულისკვეთებას აჩვენებს. ამ მიმართებით განსაკუთრებით არარელევანტურია სპეციალური მითითების გაკეთება იმის თაობაზე, რომ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდესსახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას, რადგან თავად კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულიპრინციპებისა და ნორმების პრიმატს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე. კონსტიტუციური შეთანხმების მასშტაბი არ სცდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის ურთიერთობას და არ გულისხმობს სხვა პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რაც ასეთ შემთხვევაში  დისკრიმინაციად შეფასდება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალსიწინებით მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსიით კანონის მიღება, რომელის სახალხო დამცველის კომპეტენციებს მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს, არსებითად არ შეცვლის დღეს არსებულ საკანონმდებლო რეალობას და არ გახდება დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. შესაბამისად, მოვუწოდებთ  ხელისუფლებას ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფისთვის გადადგმული მისი მცდელობები და ძალისხმევა ეფექტურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ გარანტიებში ასახოს.  ამ მიზნით კი მივმართავთ  პარლამენტსა და ასევე მთავრობას უზრუნველყონ კანონპროექტის საჯარო და სამართლიანი განხილვა და გამოხატონ მზაობა კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების  გატარების მიზნით. მათ შორის მოვითხოვთ, განხორციელდეს:

- სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში სპეციალიზირებული დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნა, რომელიც, მათ შორის, რეპრესიული ფუნქციითიქნება  აღჭურვილი და ექნება დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიები. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, ჯგუფის დაკომპლექტდება მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე გამოცდილი ექსპერტებით, რომლებსაც ლიბერალური და სოლიდარული ღირებულებები გააჩნიათ;

- სახელმწიფოს მიერ სახალხო დამცველის აპარატისინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის ვალდებულების აღება, რაც მისთვის დამატებითი საბიუჯეტო და საკადრო რესურსების დამატებას გულისხმობს;

- უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე კანონის პროექტის მე-5 მუხლის მე-2და მე-3 ნაწილების ამოღება;

- დისკრიმინაციის ფაქტების სათანადოდ შესწავლის მიზნით განხილვის ეფექტური გარანტიების შემოტანა, რაც მათ შორის გულისხმობს მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას და ასევე, ინფორმაციის წარდგენის თაობაზე კერძო პირებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას;

- სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლებისთვის სასამართლოში წარმომადგენლობითი კომპეტენციების განსაზღვრა;

- მორიგების პირობების, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შესრულების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის გაზრდა.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი, თუკი არ იარსებებს დისკრიმინაციის ჩამდენი პირის დაჯარიმების შესაძლებლობა. დაჯარიმების მექანიზმის არსებობა აღნიშნული განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ პრინციპულ აუცილებლობად, რომლის გარეშეც აღნიშნული კანონის მიღება რეალურ მნიშვნელობას იქნება მოკლებული.    

წინამდებარე განცხადება ღიაა ხელმოსაწერად (სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციები უნდა დაუკავშირდნენ humanrightsemc@gmail.com).  ამ ეტაპზე განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(GYLA);
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
იდენტობა;
ფონდიღიასაზოგადოებასაქართველო;
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
ქალთა ფონდი საქართველოში (WFG);
კავშირი საფარი;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტი (GCRT);
დამოუკიდებელიცხოვრებისახალგაზრდულიცენტრი;
 ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“;
ეთნოსთაშორისთანამშრომლობისადაკონსულტაციებისანალიტიკურიცენტრი
მრავალეროვანი საქართველო;
ქურთული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA);
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
ევანგელურ-ბაპტისტურიეკლესია; 
სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები);
ქართველ მუსლიმთა კავშირი; სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია;