სიახლეები

სავარაუდო ზეწოლისა და ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები ISFED-ის III შუალედურ ანგარიშში

25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, საყურადღებოა საეჭვო შემოწირულობის შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.
ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიური სახე მიიღო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობებმა. 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პერსონალურად დაესხა თავს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორ მიხეილ ბენიძეს და მას „ფაშიზმის თანამონაწილე“ უწოდა. დაფიქსირდა ხელისუფლების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის და მათთვის დღის წესრიგის განსაზღვრის დაჟინებული მცდელობები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანია სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებზე. თავდასხმის ობიექტი გახდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორიც. მას საერთაშორისო კონფერენციაზე ცილი დასწამა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამასთანავე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა.
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა რეგიონში გახდა ცნობილი, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვებას. დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთი სიებში, მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. დაფიქსირდა ზეწოლის და იძულების სხვა შემთხვევებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებენ.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 საარჩევნო ოლქში, რასაც ძირითადად სხვადასხვა პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების სახე ჰქონდა. 
საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. მსგავსი ქმედებები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კასპში, რუსთავსა და ჩუღურეთში. ორგანიზაციის დაკვირვებით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის აქტივობებს ხელი შეუშალეს 9 შემთხვევაში, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ღონისძიებებს - 2 შემთხვევაში. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები იმ შენობებთან ხვდებიან, სადაც კანდიდატს შეხვედრა აქვს დაგეგმილი და შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ტრანსპარანტების ფონზე მართავენ აქციას. ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდენციის სახე აქვს სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანებას. 16-17 ოქტომბერს თბილისსა და სხვა 28 მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები და პარტიის ოფისები წითლად გადაღებეს და წააწერეს “KGB”. არჩევნებამდე 10 დღით ადრე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა გაკრული სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაავალა. საგულისხმოა, რომ არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება ნებადართულია ან/და აკრძალულია. ამ მომენტისთვის, გაურკვეველია დასუფთავების სამსახური მხოლოდ აკრძალული ადგილების ჩამონათვალით ხელმძღვანელობს თუ ყველა იმ ადგილს ასუფთავებს, სადაც სპეციალური სტენდები არ არის გამოყოფილი.
ამ დროისთვის „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას 32 განცხადება/საჩივრით მიმართა, მათ შორის 15 საჩივარი წარდგენილია 1 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. რამდენიმე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ეტაპისთვის ორგანიზაციის საჩივრების საფუძველზე ნინოწმინდის და ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილია ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საკომუნიკაციო საშუალებების სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის შემთხვევაში, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეები უტყუარ მტკიცებულებად იღებენ დამრღვევი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც აგიტაციის წესის დარღვევას ოჯახის წევრებს აბრალებენ. საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით აკრძალულია საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები. აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნული გადაწყვეტილების საკუთარი ნებით მიღებასთან დაკავშირებით.
ISFED-მა საარჩევნო გაერმოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა: 
ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ზეწოლა და თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელ პირებზე;
პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხ¬¬ელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და დაპირებები და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, არ დააზიანონ კონკურენტთა სააგიტაციო მასალები, თავი შეიკავონ უბნებზე კოორდინატორების მობილიზებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლისგან;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმბული პირებისთვის ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების დავალება, ასევე საჯარო მოხელეების აგიტაციაში იძულებით ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
 
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.