სიახლეები

შემოსავლების სამსახური სასამართლოს გზით ცდილობს „თი-ვი ემ-არ საქართველოსგან” კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი განაგრძობს „ნილსენის” სატელევიზიო გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენლის „თი-ვი ემ-არ საქართველოს” შემოწმებას. შემოსავლების სამსახურის ქმედებები უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვენტარიზაციის ნამდვილ მოტივებთან დაკავშირებით. სახელისუფლებო ორგანო ახლა უკვე სასამართლოს გზით ცდილობს იმ 330 ოჯახის მისამართების მოპოვებას, რომლებიც რეიტინგების კვლევაში მონაწილეობენ. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ორშაბათს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში ოფისის დათვალიერების ოქმით შევიდნენ. მათ მოითხოვეს წვდომა ანკეტებთან, რომლებიც კვლევაში მონაწილე ოჯახების საიდენტიფიკაციო მონაცემებს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული დოკუმენტები კვლევაში მონაწილე ოჯახების დემოგრაფიულ მონაცემებს ასახავს და ინვენტარიზაციასთან ამ ინფორმაციას კავშირი არ აქვს. კომპანიამ ანკეტების გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურმა ანკეტების გაცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მოწყობილობების ადგილზე შემოწმებას მათ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება ავალდებულებს. თუმცა, საგადასახადო კოდექსი, რომელიც მინისტრის ბრძანებაზე მაღლა დგას, განმარტავს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა არ უნდა დაარღვიოს კომპანიის საქმიანობის ჩვეული რიტმი. (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 255, მე-3 პუქტი). შემოსავლების სამსახურის ქმედებებმა უკვე შეაფერხეს „თი-ვი ემ-არ საქართველოს” საქმიანობა, მისამართების გამჟღავნება კი კომპანიას აიძულებს შეცვალოს კვლევაში მონაწილე ყველა ოჯახი, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ქმედებები საგადასახადო კოდექსის ნორმებს ეწინააღმდეგება.

უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსი ახსენებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ცნებებს, თუმცა არც განმარტავს და არც მიჯნავს მათ ინვენტარიზაციის მიზნებისთვის. ანალოგიურად, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებაც არ ანსხვავებს ძირითადი საშუალებებისა და მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების წესებს, მაშინ როცა ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია, აუდიტის და სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით და პრაქტიკით აშკარად იმიჯნება (ყველა შემთხვევაში ძირითადი საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით შემოწმება არა არის იმპერატიული მოთხოვნა, მაშინ როცა ეს სტანდარტები მარაგების შემთხვევაში პრაქტიკულად ყოველთვის ადგილმდებარეობის მიხედვით შემოწმებას ითხოვს). ის, რომ საქართველოში ამგვარი გამიჯვნა არ ხდება წარმოადგენს ინვენტარიზაციის რეგულირების თვალსაჩინო ხარვეზს. აღნიშნულ ხარვეზს, შემოსავლების სამსახური იყენებს საფუძვლად, რომ მოითხოვოს „ფიფლმეტრების” ადგილზე შემოწმება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის ქმედებები აუდიტის და სხვა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ასევე ეს ყოველივე აფერხებს კომპანიის მუშაობას რაც, როგორც აღვნიშნეთ, საგადასახადო კოდექსის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

აუდიტის და სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის მიხედვით, ექსპლუატაციაში მყოფი „ფიფლმეტრები” ძირითად საშუალებებს განეკუთვნება და არა მარაგებს, რადგან აღნიშნული მოწყობილობები პრაქტიკულად არ შეიცავს ბოროტად გამოყენების რისკს. „ფიფლმეტრები” ასევე არ შეიცავს ინფორმაციას, რაც საჭიროა საგადასახადო დავალიანების გამოსაანგარიშებლად ან დაანგარიშებული დავალიანების სისწორის შესამოწმებლად. შესაბამისად, აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტები და პრაქტიკა არ მოითხოვს „ფიფლმეტრების” მსგავსი კატეგორიის მოწყობილებების ადგილზე შემოწმებას და მათი გადაადგილება არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ სტანდარტებს.

„თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპნიაა საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. (მედიაში ზოგჯერ კომპანიას შეცდომით სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციად მოიხსენიებენ). რეიტინგები უმნიშვნელოვანესი მონაცემებია ტელევიზიებისთვის რეკლამების მოსაზიდად. თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ზუსტად ეცოდინება, თუ სადაა განლაგებული „ფიფლმეტრები,“ ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევაში მონაწილე ოჯახების მეშვეობით კვლევის შედეგებით მანიპულირებას. შესაძლოა კვლევაში მონაწილე ოჯახების მხრიდან თვითცენზურასაც ჰქონდეს ადგილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს  ინვენტარიზაცია განახორციელოს ისეთი მეთოდოლოგიით, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს კომპანიის არსებობას და არ შეაჩერებს სატელევიზიო რეიტენგების კვლევას, რაც, თავის მხრივ, ტელევიზიების ფინანსური სტაბილურობის საფუძველია. ხისტი და დაუსაბუთებლად არაპროპორციული გადაწყვეტილებების მიღება ეჭვქვეშ აყენებს შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო

სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მედიის განვითრების ფონდი (MDF)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)