სიახლეები

სოციალური მედიის მონიტორინგი - პირველი შუალედური ანგარიში

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბების და საჯარო დებატების წარმართვის მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა და ამ პლატფორმების გავლენის ზრდის კვალდაკვალ პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები და აქტივისტები სოციალურ ქსელებს საკუთარი იდეების, პროგრამებისა და მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებენ.

საქართველოში ადამიანები, სულ უფრო მეტად, ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად მრავალრიცხოვანი სოციალური პლატფორმებიდან ძირითადად „ფეისბუქს“ იყენებენ. „ფეისბუქი“ ასევე იქცა საარჩევნო აქტივობების ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან პლატფორმად, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამომრჩევლის ქცევას.

2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ „ფეისბუქი“ არამხოლოდ პოლიტიკური აქტორების მხრიდან საკუთარი პროგრამების და იდეების გასავრცელებლად ან დისკუსიისთვის, არამედ ცალკეული კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნითაც გამოიყენებოდა დეზინფორმაციისა და სხვადასხვა დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების გზით, რასაც ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. დაკვირვების პროცესში ასევე ცხადი გახდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის დისკრედიტაციის გარდა, სოციალური მედია წარმატებით გამოიყენება პოლიტიკურ ფინანსებსა და აგიტაციასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების გვერდის ასავლელად.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგი29 აგვისტოს, ოფიციალური კამპანიის დაწყებასთან ერთად დაიწყო. საქართველოში სოციალურ ქსელებს შორის „ფეისბუქის“ პოპულარობის გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მიმდინარე ეტაპზე აკვირდება მხოლოდ „ფეისბუქ“ აქტივობას.

სოციალური მედიის მონიტორინგ... by on Scribd