სიახლეები

სს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამადროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

***

 

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)