სიახლეები

წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

გვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების, ასევე, აღნიშნული ვიდეოების თბილისსა და ზუგდიდში საჯარო ჩვენების ფაქტებს.  

როგორც ცნობილია, ა. წ. 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში სამალავებში ნაპოვნი ვიდეო მასალაა, რომლის აღმოჩენის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ ისინი დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ბევრი გახმაურებული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. „ციხის კადრები”, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება ახდენდა. ასევე, სრულად იყო იგნორირებული სახალხო დამცველის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული დანაშაულის სისტემურობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს. 

ამის მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ვერ მოხდა ამ სისტემური დანაშაულის სრულად გამოძიება, ყველა დამნაშავის ადეკვატური დასჯა და წამების მსხვერპლთა სრული რეაბილიტაცია. ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ანგარიშს არ უწევენ იმ ფაქტს, რომ წამების კადრების გავრცელება წამების მსხვერპლთათვის დამატებითი ტკივილის მომგვრელია და ამ შემთხვევების დეტალების საზოგადოებისთვის ამგვარად ჩვენება მსხვერპლთა უფლებების დარღვევაა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ ამ ვიდეოების საჯაროდ ჩვენების ფაქტს.

17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ვიდეოების ატვირთვამ დაადასტურა ის, რომ, როგორც ჩანს, შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება, რომელიც  პროექტორების მეშვეობით ქალაქების,  ზუგდიდისა და თბილისის ცენტრებში გაიმართა, რის შედეგადაც, აღნიშნული კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს, მათ შორის არასრულწლოვანსაც, შეეძლო. როგორც მედიაში წარმოდგენილ კადრებში ჩანს,  ზუგდიდში გამართულ ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წამების ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზატორი მერია არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და მათ მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული ვიდეოები გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად.

კადრების გავრცელებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულ ოფისებთან (ბათუმი, ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ახალციხე და სხვა)  საპროტესტო აქციების ორგანიზება განაპირობა. საპროტესტო აქციები მოქალაქეთა ჯგუფებისა და მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთ აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ,  რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საჯარო სივრცეში კადრების ჩვენებით განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც, ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ძალადობის შემცველი კადრების ნახვა. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების, როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე ყველა პირმა სათანადოდ აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, პასუხისმგებლობა იმ პირებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც აღნიშნული სისტემის (პატიმრების წამება და უკანონო ფარული მიყურადება) შექმნაში მიიღო მონაწილეობა;

საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების გამოძიებების შედეგების, დამდგარი პასუხისმგებლობის ზომებისა და წამების მსხვერპლთა მიმართ გატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ;

შექმნას ამგვარი ქმედებების ეფექტური პრევენციის სისტემა და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის  დაცვის ეფექტური მექანიზმები. როგორც ჩანს, საქართველოში მსგავსი სისტემა არ არსებობს, ზუსტად  ამის გამო, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;

მსგავს ფაქტებზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დროს გაითვალისწინოს წამების მსხვერპლთა ინტერესები;

ეფექტურად გამოიძიონ წამების ამსახველი კადრების გავრცელების და საჯაროდ ჩვენების ფაქტები;

შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს, დროულად გამოავლენს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავე პირებს და უზრუნველყოფს ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარეშე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიება მიკერძოების განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს.

ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს პატივი სცენ წამების მსხვერპლთა უფლებებს და ნუ მოახდენენ ამ თემის პოლიტიზებას. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამოქალაქო ჩართულობის სააგენტო (სიდა)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი