სიახლეები

უსკოს დაკომპლექტების წესში გაუმართლებელი ცვლილებები იგეგმება

2016 წლის 1 მარტს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსახილველად წარედგინა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უსკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და მათ ასარჩევად საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, საკმარისი იქნება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის ნება თუმცა არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 

საგულისხმოა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით წესდება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე არჩევის ძალზე დაბალი კვორუმი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს უსკოს წევრებისა და თავმჯდომარეების ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს. შემოთავაზებული ცვლილებები უკავშირდება უსკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, რომელიც ჩიხში შევიდა როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის პროცედურული მოთხოვნების უგულვებელყოფის გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს საბჭოში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს და ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოირიცხება ოპოზიციის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინიციატივა მორგებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესსა და კანდიდატზე. მით უმეტეს, რომ კანონპროექტი არ აღმოფხვრის უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის ხარვეზებს და არ არის მიმართული არჩევის პროცესის გამჭვირვალობის და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფისკენ.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი ვინაიდან შემოთავაზებული ცვლილებები იქნება უკან  გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვნად დააზარალებს უსკოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის  რეპუტაციას.