სიახლეები

უსკოს თავმჯდომარის არჩევა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიი საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესს და მიაჩნია, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს.

2015 წლის 30 დეკემბერს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ა/რ კანონის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა უსკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი, ხოლო  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარდგენილი 3 კანდიდატიდან შერჩეული ერთი კანდიდატი, კანონით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით, დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.

4 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. შესაბამისად, მისი კანდიდატურისათვის ხელახალი კენჭისყრა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, 18 თებერვლისთვის დაინიშნა. თუმცა, აღნიშნულ სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რის შემდეგაც, 23 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსი ხელახლა  გამოაცხადა.

საგულისხმოა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ა/რ კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს უსკოს თავმჯდომარის კანდიდატის ხელახალი კენჭისყრის პროცედურას და ვადებს. მიუხედავად ამისა, როგორც აჭარის მთავრობამ, ასევე უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარის არჩევისას კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტით იხელმძღვანელა,  მაგრამ, აღნიშნული მუხლით დადგენილი პროცედურები ორივე უწყებამ დაარღვია.

ზემთაღნიშნული ნორმის თანახმად, მას შემდეგ, რაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებდა, უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო კიდევ ორჯერ ეყარა კენჭი წარდგენილი კანდიდატისთვის. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდებოდა უსკოს თავმჯდომარის არჩევა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 3 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოსთვის უნდა წარედგინა კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა 2 კანდიდატი. თუ უმაღლესი საბჭო წარდგენილ კანდიდატებს მხარს კვლავ არ დაუჭერდა, მხოლოდ ამის შემდეგ, 3 დღის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო ახალი კონკურსი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი პროცედურები ორივე უწყებამ დაარღვია. ერთი მხრივ, უმაღლესმა საბჭომ არ განახორციელა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი წესით ხელახლა კენჭისყრის ჩატარება, ხოლო, მეორე მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნა და უმაღლეს საბჭოს არ წარუდგინა კონკურსის შედეგად შერჩეული უსკოს თავმჯდომარეობის სხვა 2 კანდიდატი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ნორმების ამგვარი ინტერპრეტაციის პირობებში, ახალი კონკურსის შემთხვევაშიც არსებობს რისკი, რომ უმაღლესმა საბჭომ კვლავ გვერდი აუაროს კანონით განსაზღვრულ პროცედურებს და უსკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი ისევ ჩიხში შევიდეს. შესაბამისად, მხარეებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული მოთხოვნები.

„სამართლიანი არჩევნები“, პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწდებს დაიცვან კანონის პროცესუალური მოთხოვნები და მაქსიმალურად გამორიცხონ პოლიტიკური ინტერესები უსკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, რათა საფრთხე არ შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას და მიუკერძოებლობას.