პოლიტიკური ფინანსები საქართველოში: მოქმედი კანონმდებლობა, პრაქტიკა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა
პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზდა პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ჩამოყალიბებული პრაქტიკა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
ის მთავარი სტანდარტები, რომლებიც პოლიტიკურ ფინანსების კუთხით არსებობს, საქართველოს კანონმდებლობით ძირითადად გათვალისწინებულია. პოლიტიკურ სუბიექტებს უფლება აქვთ, მიიღონ შემოსავალი კერძო წყაროებიდან, ასევე, ქვეყანაში არსებობს პარტიების სახელმწიფოს მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობა. ამ მხრივ მთავარი პრობლემა ფინანსური უთანასწორობაა, რასაც ძირითადად ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ, სხვა პარტიებთან შედარებით, გაცილებით მეტი შემოწირულებების მოზიდვის პრაქტიკა განაპირობებს.
შემოწირულებების საკითხი პრობლემურია პოლიტიკური კორუფციის თვალსაზრისითაც. თითქმის ყოველ საარჩევნო ციკლში ფიქსირდება ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის შემომწირველები სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტებს და ქონებას იღებენ.
2023 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველი უწყება სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყო, სექტემბრიდან კი ეს ფუნქციები ახლად შექმნილმა უწყებამ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადმოიბარა.
წლების განმავლობაში მთავარი პრობლემა რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მანდატის თვალსაზრისით ჰქონდა, იყო ის, რომ ამ უწყებას სისხლის სამართლებრივი გამოძიების უფლებამოსილებები არ გააჩნდა, რის გამოც, პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების შესწავლის კუთხით უკიდურესად არაეფექტიანი იყო. ვინაიდან არც ანტიკორუფციულ ბიუროს გააჩნია ეს ფუნქცია, ეს უწყებაც იმავე პრობლემის წინაშე იდგება.
აუცილებელია, გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და მისი უფროსი აირჩეოდეს არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ამასთანავე, სასურველია, ანტიკორუფციულ ბიუროს მიეცეს სისხლის სამართლებრივი გამოძიების წარმოების უფლებამოსილებები.