რატომ არის საჭირო გენდერული კვოტები?
ქალთა სრული და ეფექტური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში სახელმწიფოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა, თანასწორობის, მშვიდობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა სისტემურად მიმდინარეობდა, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში და მათი მონაწილეობა სახელმწიფოს უმაღლეს არჩევით ორგანოებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, არაერთ სახელმწიფოში კვლავ გამოწვევად რჩება. ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით მიღებული ცალკეული საერთაშორისო აქტებისა და შემუშავებული სტრატეგიული ნაბიჯების მიუხედავად, გლობალურად, საკანონმდებლო ორგანოებში ქალების მხოლოდ 24% არის წარმოდგენილი.