საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება: საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოში არსებული მარეგულირებელი ჩარჩო და პრაქტიკა
პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზდა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, ამ სტანდარტებთან საქართველოში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს და პრაქტიკის შესაბამისობა.
ევროპაში საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის დანერგვაზე რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტი მუშაობს. ამ მხრივ მთავარი როლი აკისრიათ ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს.
საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის კუთხით საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა რამდენი საკითხი უკეთეს მოწესრიგებას საჭიროებს. მთავარ პრობლემად კვლავ რჩება რეგულაციების აღსრულებისა და პრაქტიკაში ადმინისტრაციული რესურსის იმგვარი ფორმების გამოყენების საკითხი, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე.
საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებული ადმინისტრაციული რესურსი და საარჩევნო მიზნით, მისი ბოროტად გამოყენება. თანაბარ საარჩევნო გარემოზე არსებით გავლენას ახდენს მასშტაბური სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ჯანდაცვის პროექტების დაანონსება და განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მოქალაქეებზე ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან წასვლის იძულების ფაქტები და მათი არასათანადო გამოძიება. ამ პრობლემების გადასაჭრელად, კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად, აუცილებელია არსებული ნორმების ეფექტიანი და კეთილსინდისიერი აღსრულება და სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არსებული, მანკიერი პრაქტიკისგან თავის შეკავება.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ