საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება
პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დაკომპლექტებასთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომლებიც ამცირებს ნდობას არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ.
2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული ცვლილებებით, ცესკო არაუმეტეს 17 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8 წევრი (მათ შორის თავმჯდომარე) აირჩევა პროფესიული ნიშნით, ხოლო არაუმეტეს 9 წევრი კი პოლიტიკური პარტიების მიერ ინიშნება.
ცესკოში ერთი წევრის დანიშვნის უფლება ენიჭება იმ პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოიპოვებს მინიმუმ ერთ მანდატს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოსაპოვებლად პარტიებს ამომრჩევლის 1%-ის მხარდაჭერის მოპოვება სჭირდებოდათ, რაც 9 საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა. 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებენ ის პარტიები, რომლებიც სულ მცირე ამომრჩევლის 5%-ის მხარდაჭერას მაინც მიიღებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტიების მიერ დასანიშნი წევრების რაოდენობა, შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად, 9-ზე ნაკლებიც შეიძლება იყოს, რითაც დაირღვევა პროფესიულ და პარტიულ წევრებს შორის არსებული ბალანსი.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს, იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეტანილი არაერთი საკანონმდებლო ცვლილებებით იმდენად გაუარესდა, რომ ცესკოს დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (ნაცვლად პრეზიდენტისა) შეარჩევს, რომელთა სრული ვადით (5 წლით) ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა (ნაცვლად ორი მესამედისა) იქნება საკმარისი.
ცესკოს დამოუკიდებლობის გასაზრდელად საჭიროა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით შემუშავებული მოდელის ძირითად პრინციპებთან დაბრუნება, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს ცესკოს კვლავ შერეული მოდელით დაკომპლექტებას პარტიების მიერ დანიშნულ და პროფესიული წევრებს შორის არსებული ბალანსის შენარჩუნებით; ასევე, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევისა და პარლამენტში წარდგენის უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტისთვის დაბრუნებას; და ამ თანამდებობაზე სრული ვადით არჩევას პარლამენტის მხოლოდ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ