პრესრელიზები

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა 15:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. ISFED-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 600 დამკვირვებელი მიავლინა. 

PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. PVT ერთადერთი მეთოდოლოგიაა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. ეს მეათე არჩევნებია, რომელშიც ISFED იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასების და ოფიციალური შედეგების გადამოწმებისათვის.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.  

ძირითად დასკვნები

„სამარლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების - 18, მარკირების გარეშე ხმის მიცემის - 4, ბიულეტენის არ დამოწმების - 2, საარჩევნო უბანზე აგიტაციის - 2, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის - 2, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის - 1, წილისყრის პროცედურის დარღვევის - 1, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის - 1 და უბანზე არეულობის 1 შემთხვევა.


ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის (PVT შედეგები)

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 12:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს   19.7%-ს +/-0.3% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 25.5 %-ს, და უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2014 წლის არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 16.6%-ს.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 70.7%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 29.3%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.


              

 




„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები

აგვიტაცია საარჩევნო უბანზე

 #60  მაჟორიტარული ოლქის (ლანჩხუთი) #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში ამომრჩეველს მეორე ამომრჩეველი შეყვა, რომელიც ეწეოდა აგიტაციას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი;
 #28 მაჟორიტარული ოლქის (ახმეტა) #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. აღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე 

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #40 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; 
 #65 მაჟორიტარული ოლქი (ზუგდიდი) #27-ე უბანზე იმყოფებოდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია   (ა)იპ „გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი“ - ის ორი წარმომადგენელი. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ერთ  წარმომადგენლს უბანი დაატოვებინა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

 #20 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) #5 საარჩევნო უბანზე მდივანი ფანქრით ავსებდა ჩანაწერთა წიგნს, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
 #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #10-ე და #85-ე, #43 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #1, #15-ე და #43-ე, #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #1 და #38-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული მონაცემები არ  შეიტანა;
 #07 მაჟორიტარული ოლქის (კრწანისი) #31 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა სიაში ხელი არასწორად მოაწერა;
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #49-ე, #47 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #7 და #73 მაჟორიტარული ოლქის #44 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცლის შევსებისას არ იყო მითითებული საკონტროლო ფურცლის ყუთში მოთავსების დრო;
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე დაუშვეს, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების  შემდეგ აღმოიფხვრა;
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #33 საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არ იყო მინიშნება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესახებ, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
 #51 მაჟორიტარული ოლქის (ბაღდათი) #13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების არასათანადო წესით გაცემის ფაქტი;
 #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #1 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელს აკლია ამომრჩევლის ხელმოწერა;
 #59 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #60 საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველმა სხვადასხვა კონვერტებში მოათავსა ბიულეტენები;
 #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #124 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენი სპეციალური კონვერტის გარეშე მოთავსდა.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

 #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #34 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნით ამომრჩეველმა მას შევსებული ბიულეტენი აჩვენა, რის შედეგადაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

წილისყრის წესის დარღვევა

 #73 მაჟორიტარული ოლქის (ხულო) #36 საარჩევნო უბანზე წილისყრის შედეგად გამოვლინდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები ორი კომისიის წევრი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან, კერძოდ: „ბურჯანაძე -გაერთიანებული დემოკრატები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ უარი განაცხადა წილისყრის შედეგების შესაბამისად გადასატანი საარჩევნო ყუთის მათთვის გატანებაზე იმ მოტივით, რომ ორივე გამოვლენილი პირი დანიშნული იყო  ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ. შედეგად გადასატანი საარჩევნო ყუთს სხვა წევრები გაყვნენ.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

 #40 მაჟორიტარული ოლქი (ქარელი) #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, მხოლოდ დევნილის მოწმობით მისცა. 
მარკირების გარეშე ხმის მიცემა
 #8 მაჟორიტარული ოლქის (ისანი) #61-ე, #28 მაჟორიტარული ოლქის (ახმეტა) #11-ე, #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #21-ე და #48 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი) #124-ე საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს ბიულეტენების გადაცემისას მარკირება არ გაუკეთდათ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
ბიულეტენების არ დამოწმება
 #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #71 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბნიდან გატანისას  ბიულეტენები არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით;
 #32 მაჟორიტარული ოლქის  #61 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბეჭდით დაუმოწმებელი ბიულეტენის გარეშე მისცა ხმა.
უბანზე არეულობა
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #38 საარჩევნო უბანზე კომისიის თავჯდომარემ ვერ უზრუნველყო საარჩევნო უბანზე წესრიგის სათანადო დაცვა. წესრიგის დასაცავად გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 43 საჩივარი, 21 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 90 შენიშვნა.


სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.


სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირისა (EU) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის ან NED-ის  შეხედულებებს.