პრესრელიზები

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდი იყენებს სტატისტიკის მეთოდოლოგიას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ICT).  ISFED-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 600 დამკვირვებელი მიავლინა.  PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. PVT ერთადერთი მეთოდოლოგიაა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. ეს მეათე არჩევნებია, რომელშიც ISFED იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასების და ოფიციალური შედეგების გადამოწმებისათვის.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.  


ძირითადი დასკვნები

15:00 საათის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამონაკლისი იყო მარნეულში #48 საარჩევნო უბანი, სადაც ადამიანთა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა საარჩევნო უბნის შენობა ძალადობრივად დაარბია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. დაზარალებულია ორი მოქალაქე, მათ შრის ერთი პოლიციელი.

 „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას, გაემიჯნონ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და ინციდენტში მონაწილე პირებისათვის კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის ფაქტები 4 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო უბანზე აგიტაციის 2 შემთხვევა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 ფაქტი, მარკირების გარეშე ხმის მიცემის 8 შემთხვევა 2 საარჩევნო უბანზე, ბიულეტენების არდამოწმების 1 ფაქტი, საარჩევნო სიაში უზუსტობის 3 შემთვევა, საარჩევნო დოკუმენტაციებისა და პროცედურების არასათანადო წარმოების 15 ფაქტი. 


ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების მიხედვით

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 17:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს  41.8%-ს  +/- 0.6 ცდომილების ფარგლებში. ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 52%-ს და უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობა, რომელიც 34.4%-ს შეადგენდა.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 12:00-17:00 პერიოდში, უბნების 77.8%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა წუთში ერთ ამომრჩეველზე ნაკლებს, ხოლო უბნების 22.2%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-2 ამომრჩევლამდე წუთში.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ 15:00 სააათიდან 17:00 საათამდე დაფიქსირებული დარღვევები

ფიზიკური დაპირისპირება

ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებიან 36-ე საარჩევნო ოლქის (მარნეული) 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აგრესიული ჯგუფი ცდილობდა საარჩევნო უბანზე ძალადობრივად შეღწევას, რის საშუალებაც პოლიცია არ აძლევდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა შორის არის ერთი მოქალაქე და ერთი პოლიციელიც. ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, დაზიანდა შენობა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. უბანი, რომელშიც იმყოფებიან კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ამ დროისთვის დაკეტილია და მას პოლიცია იცავს. 

„სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის დამკვირვებლების ადგილზე მისვლის დროს აქტივისტებს  პოლიტიკური გაერთიანების - „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმართავდა. მოგვიანებით საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმაც. ამ ეტაპზე, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების გამოჩენის შედეგად შეკრებილმა მოქალაქეებმა უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.  საარჩევნო უბანი დატოვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმაც. კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია.

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 #26 მაჟორიტარული ოლქის (ლაგოდეხი) #4 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უფლება არ მისცეს გადაეღო  ფოტო ბიულეტენებისთვის, რომლებიც სხვა საარჩევნო ოლქისთვის იყო განკუთვნილი და შეცდომით იმყოფებოდა აღნიშნულ საარჩევნო უბანზე. 
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #33 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს არ აძლევდნენ ვიდეოს გადაღების უფლებას, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა;
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #48 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების უფლება;
 #44 მაჟორიტარული ოლქის #16 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების უფლება. 

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #47 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში, კედელზე დაწერილია პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი "41". დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ უარი განაცხადა რეაგირების მოხდენაზე, თუმცა აღნიშნულ კაბინაში ამომრჩევლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ ეტაპისთვის დარღვევა აღმოფხვრილია; 
 #14 მაჟორიტარული ოლქის (ჩუღურეთი) #20 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარტიის რიგითი ნომრის ამსახველი მაისურით იმყოფებოდა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #26 საარჩვნო უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში შეყვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი;
 #57 მაჟორიტარული ოლქის (წყალტუბო) #15 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც  დახმარება ესაჭიროებოდა, საარჩევნო კაბინაში შეყვა ააიპ "კონფლიქტებისა და მართვის ანალიზის"ევრაზიის" დამკვირვებელი, რაც კანონით აკრძალული შემთხვევაა.

მარკირების არ გაკეთება

 #57 მაჟორიტარული ოლქის (წყალტუბო) #40 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა მარკირება არ გაუკეთა 5 ამომრჩეველს;
 #28 მაჟორიტარული ოლქის (ახმეტა) #11 უბანზე რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს არ გაუკეთა მარკირება;

ბიულეტენების არ დამოწმება 

 #48 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #52 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრებისთვის გატანებული ბიულეტენები არ იყო დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით, რის გამოც ყუთი უკან დააბრუნეს და ბიულეტენები დაამოწმეს, თუმცა ორ ამომრჩეველს ხმა ქონდა უკვე მიცემული, რაც მათი ხმების გაბათილებას გამოიწვევს.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ხარვეზები

 #51 მაჟორიტარული ოლქის (ბაღდათი) #2 საარჩევნო უბანზე მოქალაქე არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა საინფორმაციო ბარათი, რომ იგი 
რეგისტრირებული იყო აღნიშნულ საარჩევნო უბანზე;
 #60 მაჟორიტარული ოლქის #38 უბანზე ამომრჩეველი იყო ერთიანი სიის კედლის ვერსიაში, თუმცა, არ იყო სიის სამაგიდო ვერსიაში, რის საფუძველზეც მას არ მისცეს ხმის მიცემის უფლება;
 #50 მაჟორიტარული ოლქის #8 უბანზე ორი ამომრჩეველი (ცოლ-ქმარი) მათი განცხადების გარეშე შეტანილი იყვნენ გადასატანი ყუთის სიაში და უბანზე გამოცხადებისას მათ არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება; 

არაორგანიზებულობა საარჩევნო უბანზე

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #48 უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს ქაოტურ სიტუაციაში. კომისიის თავმჯდომარე თავის უფლება-მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებს. კომისიის მდივანი და რეგისტრატორები თვითნებურად, თავმჯდომარის გაფრთხილების გარეშე ტოვებენ პოზიციებს, წყვეტენ და აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება
 #32 მაჟორიტარული ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა 18 მაჟორიტარული და 16 პროპორციული ბიულეტენი ბიულეტენების დასტას იმდაგვარად მოახია და გადასცა ამომრჩეველს,  რომ აღნიშნულ ბიულეტენებში რიგით პირველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი აღარ გამოჩნდა;
 #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #13 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების არასათანადო წესით გაცემას;
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #21 და #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #64 საარჩევნო უბანებზე რეგისტრატორს გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა სიაში;
 #43 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #6 და #57 მაჟორიტარული ოლქის (წყალტუბო) #57 საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი მონაცემები არ  შეიტანა;
 #31 მაჟორიტარული ოლქი (გარდაბანი) #51 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში დაგვიანებით შეიტანეს მონაცემები;
 #25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერით და ბეჭედით. 
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #37 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა სიაში არასწორ გრაფებში მოაწერეს ხელი;
 #24 მაჟორიტარულ ოლქის (გურჯაანი) #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასწორად მოაწერინა ამომრჩეველს ხელი; 
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #13 და #57 მაჟორიტარული ოლქის (წყალტუბო) #56 საარჩევნო უბნებზე ერთიან სიაში არ იყო მითითებული გადასატან სიაში შეყვანილი ამომრჩევლები; 
 #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #64 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არ მოაწერინა ხელი სიაში;
 #44 მაჟორიტარული ოლქის #16 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში შეიტანა სპეციალური კონვერტი და კონვერტში ჩადებული ბიულეტენებით გამოვიდა კაბინიდან, მაშნ როდესაც, პროცედურულად ბიულეტენები კონვერტში კომისიის წევრის ზედამხედველობით თავსდება.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება

 #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #18 , #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #2, #73 მაჟორიტარული ოლქის #44 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცლებზე არ იყო მითითებული ყუთში ჩაგდების დრო;
 #50 მაჟორიტარული ოლქის (თერჯოლა) #22 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ იყო მითითებული ამომრჩევლის მონაცემები;
 #26 მაჟორიტარული ოლქის (ლაგოდეხი)  #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ იყო ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი;

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 66 საჩივარი, ხოლო 52 საჩივარი წარდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 121 შენიშვნა.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირისა (EU) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის ან NED-ის  შეხედულებებს.