პრესრელიზები

კენჭისყრის მიმდინარეობა 15:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: 

• ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; 
თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე;  
ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები 

ამ ეტაპისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. განსაკუთრებით პრობლემატურია მარნეულის #31-ე, 18-ე, 52-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები. ხარვეზები ფიქსირდება, ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამოდენიმე უბანზე. 

ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც წლების განმავლობაში ამომრჩევლების კონტროლსა და მათი პირადი მონაცემების სავარაუდოდ ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოყენებას იწვევდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა, ხოლო, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიებზე გასცენ შესაბამისი მითითებები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლისა და მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობა. 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში 42, ხოლო საოლქო საარჩვნო კომისიებში 47 საჩiვარია შეტანილი. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 33 შენიშვნა 

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე 

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.3% (+/- 0.3% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის მსგავსია, როცა ამომრჩევლის აქტივობა 16.6% იყო. 

ქვემოთ მოცემულ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ამომორჩეველთა აქტივობა შემდეგია:  
  • თბილისი - 14.7% (+/- 0.2% ცდომილების ხარისხით), რაც მცირედ აღემატება 2014 წლის არჩევნების აქტივობას დედაქალაქში (12.7%)
  • ქუთაისი - 13.6%
  • ბათუმი - 12.5%
  • რუსთავი - 14.8% 
  • ფოთი - 16.9%
  • მარნეული - 15.4%
  • ახალციხე - 18.2% 

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 92.3%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 7.7%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში. 


დარღვევები 

ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კენჭისყრის კაბინის გარეთ შემოხაზა; 
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე იმყოფება პირი, რომელსაც სადამკვირებლო მოწმობა აქვს, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხშირად ტოვებს უბანს და ამასთანავე უარს აცხადებს ვინაობის დაფიქსირებაზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში რამოდენიმე ამომრჩევლის ნაცვლად მოათავსა, ამასთან, იგი ამომრჩევლებთან შედის საარჩევნო კაბინაში და მისი განმარტებით, „ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარება“. 

მარკირების პროცედურის დარღვევა 

• მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა 4 საარჩევნო უბანზე მიიღო 6-მა ამომრჩეველმა, კერძოდ, 70 ფოთის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე (3 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); 
• ამომრჩევლები კენჭისყრის შენობაში მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს 2 საარჩევნო უბანზე, კერძოდ, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); 
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების შემდგომ დადგინდა, რომ ამომრჩეველი არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;  

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ზეწოლა დამკვირვებლებზე 

• ხულოს 84 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის (ბეღლეთი) კომისიის წევრმა, ახმედ იაკობაძემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოსთხოვა, ორგანიზაციის დამკვირვებელს „არ ამოეღო ხმა“ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, მისი განცხადებით, მთელი სოფელი ერთ-ერთი კანდიდატის, მიხეილ შავაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მხარდამჭერი იყო. 
• #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება მხოლოდ ოლქში საჩივრის დაწერის შემდეგ მიეცა; 

კენჭისყრის პროცედურის დარღვევა 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თვითნებურად ცვლიან ფუნქციებს, რაც არ აისახება ჩანაწერთა წიგნში;  
• #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს, რის შედეგადაც უბანზე იმყოფება ბევრი ამომრჩეველი; 
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე ნაკადი მარეგულირებელი კომისიის წევრი სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ერთდროულად ბევრ ამომრჩეველს უშვებს უბანზე, რაც იწვევს ხმაურსა და არეულობას. 

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: 

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მართვის მოწმობით; 

გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა: 

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის უბნიდან გატანამდე ლუქის მთლიანობის დარღვევის გამო, კომისიამ გააუქმა გადასატანი ყუთის ხმის მიცემა, რითაც ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა. 

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: 

#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი სხვა უბნისთვის განკუთვნილ საარჩევნო ყუთში მოათავსა;

ბიულეტენების არასწორად გაცემა:  

• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი პროპორციული ბიულეტენი გადასცა; 
 • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი გადასცეს;  
• #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბანზე 2-ით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტენია გაცემული;  

ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების დახევა: 

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მიღებული ბიულეტენები დახია; 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: 

• #59 საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გრაფაში სხვა მოაწერინა ხელი;  
• #20 რუსთავის საოლქო კომისიის #31 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს სიაში ხელმოწერის გაკეთება გამორჩა; 

სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე პორტალის მეშეობით ან უფასო sms-ით ნომერზე 90039. 

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი. 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. 

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ან NED-ის შეხედულებებს.