პრესრელიზები

კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: 
• ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; 
თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები 

ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ინციდენტები რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. კვლავ ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად რჩება მარნეულის #22 ოლქი, სადაც, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მარნეულის #50-ე, 18-ე, 31-ე, 83-ე უბნებზე ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა, არასათანადო დოკუმენებით ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. 

ამ დროისთვის 60 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 66 საჩივარია - საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული. 

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე 

17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.5% (+/- 0.5% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების იმავე მაჩვენებელს (34.4%). 
 

ქვემოთ მოცემულ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ამომორჩეველთა აქტივობა შემდეგია:  

თბილისი - 34.5% (+/- 0.3% ცდომილების ხარისხით), რაც გაზრდილია 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც 17 საათისთვის აქტივობა 29.1% იყო.
ქუთაისი - 28.3%
ბათუმი - 29.1%
რუსთავი - 30.9%
ფოთი - 37.2%
მარნეული - 30.8%
ახალციხე - 41.8% 

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 17 საათამდე პერიოდში, უბნების 92.6%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა წუთში ერთ ამომრჩეველზე ნაკლებს, ხოლო უბნების 7.4%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-2 ამომრჩევლამდე წუთში. 

დარღვევები 

15:00 საათდან 19:00 საათამდე მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პასპორტით მისცა;  
• #22 მარეულის #18 საარჩევნო უბანზე 3 რეგისტრატორმა ამომრჩევლებს ბიულეტენები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე გადასცეს; 

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა:  

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემას. 

არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა: 

• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე 3 კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მოცმეულ უბანზე რეგისტრირებული; 
 • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთით, ასევე უბანზე, რასთან დაკავშრებითაც ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა; 

მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე მარკირება არ შეუმოწმდა 3-ზე მეტ ამომრჩეველს; 
• მარკირების შემოწმება არ ხდებოდა, ასევე, მარნეულის #50 საარჩევნო უბანზე; 
• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების შემოწმების გარეშე მიიღო; 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა: 

• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გამო ხმის მიცემა კაბინაში არ შეეძლო, ბიულეტენები კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრების თანდასწრებით შემოხაზა; 

აგიტაცია საარჩევნო უბანზე: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #84 სარჩევნო უბანზე რეგისტრატორი აგიტაციას პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწეოდა, კერძოდ, უბანზე მოსულ ამომრჩევლებს პარტიის რიგით ნომერზე მიუთითებდა. 

ზეწოლა დამკვირვებელზე:  

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე იჩენს აგრესიულ და უარყოფით დამოკიდებულებას ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ; 
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებელი ნაზახის გოისუბოვი ზეწოლას ახდენს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე, რათა მან არ დაწეროს საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ეს პირი დღის განმავლობაში გავლენას ახდენდა ამომრჩევლების ნების გამოვლენაზე. 

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: 

• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში. 

ამომრჩეველთა სიის ხარვეზი: 

• #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირია. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: 

• #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენები სიაში ხელმოწერების გარეშე გადასცეს. ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა და შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობა; 
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს საარჩევნო სიაში ხელი არ მოაწერინა;  
• #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმების გარეშე გასცა; 
 • #9 ნაძალადევი საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენები 3-ით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას;  
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არასათანადო გრაფაში მოაწერინა ხელი;  
• #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში #66 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი წინასწარ ამოწმებდა ბიულეტენებს ხელმოწერით და ბეჭდით, რაც დამკვირვებლის მითეთების შემდეგ აღმოიფხვრა; 
• #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო მითითებული სადემონსტრაციო ოქმში, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; 
• #4 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთით მეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა; 
• #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დადგინა, რომ ყუთის თანმხლები კომისიის წევრებს საჭიროზე ერთით ნაკლები ბიულეტენი გაატანეს; 
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში #23 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასათანადო გრაფაში მოაწერა ხელი. 
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო აღნიშნული, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევდა გადასატანი ყუთით. 

სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები აისახება ინციდენტების რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039. 

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. 

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.

 სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ან NED-ის შეხედულებებს.