პრესრელიზები

16 მრგვალი მაგიდა საარჩევნო კანონმდებლობაზე წარდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს მასშტაბით 16 მრგვალი მაგიდა ჩაატარეს. მრგვალი მაგიდები გაიმართა „საზოგადოების ინფორმირება 2013 წლის საარჩევნო რეფორმის შესახებ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 

მრგვალი მაგიდების მიზანს წარმოადგენდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო რეკომენდაციების გაცნობა სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ასევე, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა და საარჩევნო რეფორმის პროცესში ჩართული მხარეებისათვის წარდგენა. მრგვალი მაგიდები გაიმართა გორში, რუსთავში, მარნეულში, ბორჯომში, ახალციხეში, დუშეთში, თელავში, გურჯაანში, ქუთაისში, ზუგდიდში, ლაგოდეხში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასა და მთაწმინდის გამგეობაში. 

შეხვედრებზე განიხილებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: ამომრჩეველთა სიები; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის და გამოეთქვათ საკუთარი რჩევები/მოსაზრებები. რეკომენდაციების განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრის მონაწილეებმა სურვილი გამთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად იმართებოდეს, რათა ისინი უკეთ იყვნენ ინფორმირებული და ჩართული საარჩევნო რეფორმის პროცესში.