პრესრელიზები

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი - 11:00 საათის მონაცემები

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ტარდება გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის პირობებში. სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას, „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომლები და დამკვირვებლები იცავენ კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დადგენილ რეგულაციებს.

არჩევნების დღის მისია წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გაგრძელებას, რომელიც ორგანიზაციამ დაიწყო 1 ივნისს და მოიცავდა როგორც ადგილზე დაკვირვებას 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, ასევე წინასაარჩევნო გარემოს ანალიზს სოციალურ მედიაში.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ.

 

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.  ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი.

ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას.

კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი,  6 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. 

 

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 97%-სგან მიიღო[1].

ორგანიზაციის  99.5% დამკვირვებელს უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად უმნიშვნელოდ გაუარესებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით (100%).

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 1.8 % მაშინ, როცა 2016 წელს არ იყო მზად უბნების 4.2%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნების 0.9%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2016 წლის არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით (0.3%).

დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

 

დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

30 ოქტომბერს, საღამოს საათებში “სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა საჯარო მოხელე ყვარლიდან, რომელმაც აცნობა, რომ საჯარო მოხელეებს მიღებული აქვთ დავალება, დილის 8 საათიდან 9 საათამდე მივიდნენ ხმის მისაცემად და საარჩევნო  ბიულეტენი ღიად გამოიტანონ კაბინებიდან. 

 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს 8 საათამდე.
  • #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა საარჩევნო უბანზე შესვლა 7:25 საათამდე.
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე 8 საათამდე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა.

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეუძლიათ დანახვა, თუ ვის მისცეს ხმა.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მასიურად გამოაქვთ ღია ბიულეტენები ისე, რომ დამსწრე პირებმა დაინახონ ვის მისცეს ხმა.  "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის შენიშვნას აგრესიით პასუხობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველს ღია ბიულეტენით გამოტანის უფლება აქვს.
  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 უბნზე ამომრჩეველმა ხმა მისცა რეგისტრატორის მაგიდასთან, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს რეაგირება არ მოუხდენით.
  • #78 ბათუმის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ამომრჩეველმა ბიულეტენები კაბინებიდან გამოიტანა გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ შესაძლებელი იყო იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა.

წილისყრის წესის დარღვევა:

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით კერძოდ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფურცლები, სადაც მითითებული იყო რა ფუნქციები უნდა შეესრულებინათ.
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ფურცლები არ დაამოწმა საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიას წილისყრის ხელახლა ჩატარება დაავალა, თუმცა საარჩევნო უბანი მითითებას არ ასრულებდა.
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #12საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კერძოდ კომისიის წევრმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ განაცხადა, რომ მას შეხვდა გადასატანი ყუთის თანხმლები პირის ფუნქცია, მაგრამ მისი ფურცელი იყო ცარიელი და მას ეს ფუნქცია წილისყრით არ ერგო. მიუხედავად დამკვირვებლების შენიშვნისა კომისიის მიერ წილისყრა ხელახლა არ ჩატარდა.
  • 9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #25 კომისიის წევრებმა წილისყრის ჩატარებისა და ფუნქციების განაწილების შემდეგ თვითნებურად გაცვალეს წილისყრით მინიჭებული ფუნქციები.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება/წარმოება

  • #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ კომისიას არ შეუვსია საკონტროლო ფურცლები და არ მოუთავსებია საარჩევნო ყუთებში.
  • #65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის #37 საარჩევნო უბანზე ძირითად საარჩევნო ყუთში ჩააგდეს 2 საკონტროლო ფურცელი და გადასატან ყუთში არ არის საკონტროლო ფურცელი.

COVID-19-ის რეგულაციები

  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველს პირბადეს არ ახსნევინებდა და ისე ატარებდა შესაბამის პროცედურებს. მითითების მიღების შემდეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.
  • #29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე მისულ 10-ზე მეტ ამომრჩეველს ნაკადის მომწესრიგებელმა და რეგისტრატორმა კომისიის წევრმა არ მოსთხოვეს დროებით პირბადის მოხსნა.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს რეგისტრატორი კომისიის წევრები ამომრჩეველს არ სთხოვდნენ პირბადის მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 2 არაუფლებამოსილი პირი, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარის მითითების საფუძველზე დატოვეს უბანი.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 30-40 წუთის განმავლობაში 2 არაუფლებამოსილი პირი, რომლებმაც თავმჯდომარის არაერთი მითითების შედეგად უბნის ტერიტორია არ დატოვეს, მხოლოდ მოგვიანებით გავიდნენ.
  • #62 ჩოხატაური საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მერის წარმომადგენლის მოადგილე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა უბანზე.
  • #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.

საარჩევნო ყუთის ლუქის დაკარგვა

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 საუბნო საარჩევნო კომისიამ დაკარგა საარჩევნო ყუთების ლუქი, რამაც შეაფერხა უბნის სათანადოდ მოწყობისა და საარჩევნო ყუთების კენჭყრისთვის მომზადების პროცესი.
  • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ საარჩევნო ყუთების ლუქები. საუბნო კომისია შესაბამის ლუქებს საოლქო საარჩევნო კომისიისგან ელოდა და დარღვევა 9:00 საათისთვის აღმოიფხვრა.

არასაკმარისი ბიულეტენის გაცემა

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს 3 ბიულეტენის ნაცვლად (პროპორციული, მაჟორიტარული, მერის) გადაეცა 2 ბიულეტენი. კომისიის თამჯდომარის რეაგირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა

სიაში ხელის არასწორად მოწერა:

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე კომისიის რეგისტრატორმა წევრმა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელი ამომრჩევლის გასწვრივ არასწორად მოაწერა.

მარკირების წესის დარღვევა

  • #2 ვაკის საარჩვნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მარკირების პროცედურის დარღვევით, კერძოდ ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩევლის მარკირებას ამოწმებდა ხელის მტევანზე და ხელის გულზე.

უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზება

  • #13 სიღნაღის საარჩვნო ოლქის #17 უბანთან სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩეველთა სიებით სხედან უცნობი პირები და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. 
  • #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #6 და #36 საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან სიებით მობილიზებული კოორდინატორები.
  • #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნის შენობაში იმყოფებიან პირები ამომრჩეველთა სიებით და მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემის დროს გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

ამ არჩევნებისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 127 სპეციალური უბანი, რომელიც გათვალისწინებულია პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმების დასათვლელად. ასეთი ამომრჩევლები ხმას გადასატანი ყუთით მისცემენ.

 

სამართლიანი არჩევნებისშემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ''სამართლიან არჩევნებს'' და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ევროკავშირის  შეხედულებებს.

 

-----

[1] შემთხვევით შერჩევეულ უბნებში შედის 3 სპეციალური უბანი და 25 უბანი იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, სადაც„სამართლიანი არჩევნები“ ვერ ახორციელებს დაკვირვებას