კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის
ძირითადი დასკვნები 19:00-სთვის
დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.
მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა.
კვლავ პრობლემად რჩება „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი.
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე:
- ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 41.3% (+/-0.7% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად მცირე ზრდას წარმოადგენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (36.7%);
- თბილისში, 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 39.1%-ია (+/-0.7% ცდომილების ხარისხით), რაც ასევე წარმოადგენს მცირედ ზრდას 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (34.7%);
- რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 42% (+/-0.7% ცდომილების ხარისხით) შეადგინა; იგივე მონაცემი 2017 წელს, 17:00 საათისთვის, უფრო დაბალი, 37.5% იყო.
საარჩევნო უბნების 98.9%-ზე, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მინდინარეობდა, რაც სტატისტიკურად იგივეა რაც 2020 წლის შესაბამისი მონაცემი (96.2%).
გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 121 უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
- გარე დაკვირვების უბნების 20%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. უბნების 8.3%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა;
- გარე დაკვირვების უბნების 13.3%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან სხვის მიერ. უბნების 4.2%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ;
- უბნების 18.3%-ზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად;
დარღვევები
ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით (3)
- #79 ბათუმის #96-ე საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" დამკვირვებელი უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პირად მონაცემებს ინიშნავდა და აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემდა ტელეფონით;
- #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება გაცემულ ბიულეტენზე ნაკლები ხელმოწერა;
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აღრიცხავს ამომრჩევლის პირადი მონაცემებს და ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს მესამე პირებს.
პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი (2)
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას აძლევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამომრჩევლებს ხმას აძლევდნენ ფურცელზე დაწერილი რიგითიი ნომრების მიხედვით. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომისია აღნიშნულ დარღვევაზე არ რეაგირებს. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა;
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი. უბანზე არ მოწმდება და არ კეთდება მარკირება. დღის მანძილზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არაერთხელ შეუზღუდეს დაკვირვების უფლება. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ არაერთხელ დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (1)
- #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის დაახლოებით 15 ამომრჩეველმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და კომისიის წევრებს აჩვენეს თუ ვინ შემოხაზეს ბიულეტენში. კომისიის თავმჯდომარის მითითების მიუხედავად დარღვევა არ აღმოიფხვრა.
დამკვირვებლის უფლებების დარღვევა (1)
- #16 ყვარლის #15 საარჩევნო უბანზე "სამრთლინი არჩევნების" დამკვირვებელს კომისიის წევრები ექცევიან არაეთიკურად, აყენებენ შეურაცხყოფას და არ აძლევენ დამკვირვებლის უფლებამოსილების კეროვნად განხორციელების საშუალებას.
დამკვირვებლის მიერ კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა (1)
- #1 მთაწმინდის #12 საარჩევნო უბანზე გახსნის მომენტიდან იმყოფება ა(ა)იპ ,,ალტერნატივა ენჯეო"-ს დამკვირვებელი მჭიდრო კონტაქტში შედის ამომრჩეველთან, ხმაურობს უბანზე, რითაც ირღვევა კენჭისყრის პროცედურის მიმდინარეობა, შედეგად იქმნება ხმაური და ქაოსი. აღნიშნულზე კომისიის თავმჯდომარეს ეთხოვა დარღვევის აღმოფხვრა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია;
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები (4)
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, ბიულეტენისა და ხელმოწერების გადამოწმებისას დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს იმაზე მეტი ბიულეტენი ჰქონდა გაცემული, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერები ფიქსირდებოდა. რეგისტრატორის განმარტებით, მას ამომრჩევლის ხელმოწერა გამოჩრა;
- #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთ-ერთი ამომრჩეველს ბიულეტენი ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე გადასცა;
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერების და გაცემული ბიულეტენების რაოდენობის დათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს პროპორციული საარჩევნო სისტემით გაცემული ბიულეტენის ერთით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას, ხოლო მაჟორიტარული ბიულეტენი ერთით ნაკლები იყო ხელმოწერების რაოდენობაზე;
- #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე გასცა ბიულეტენი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, შემდგომ კი სამაგიდო სიაში გააკეთა ხელმოწერა ამომრჩევლის არყოფნის დროს, ხოლო დარღვევის დაფიქსირების შემდგომ უბანზე მოყვანილ იქნა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემიდან გარკვეული დროის შემდგომ მოაწერა ხელი სამაგიდო სიაში
მარკირების წესის დარღვევა (2)
- #2 ვაკის #49 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა;
- #2 ვაკის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გუკეთეს მარკირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი. ამომრჩეველს შეეზღუდა საარჩევნო უფლება.
საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები (1)
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში 50 ბიულეტენს ნაცვლად დაბეჭდილი იყო 52. კომისიის რეგისტრატორის მიერ აღნიშნულზე შედგა ახსნა-განმარტებაის აქტი.
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (2)
- #10 გლდანის #10 საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ დაფიქსირდა, რომ ხუთ ბიულეტენი არ იყო რეგისტრატორი კომისიის წევრის ბეჭდით დამოწმებული;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის პირადი ნომერში იყო შეცდომა. ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. თავმჯდომარემ დაწერა ახსნა განმარტება რომ რეგისტრაციისას შეცდომით უკარნახა ამომრჩეველმა პირადი ნომერი ტელეფონით;
- #62 ჩოხატაურის #14 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ამის გამო, ხმა ვეღარ მისცა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებული გადასატანი ყუთი, ამავე კომისიის წევრებმა კვლავ გაიტანეს უბნიდან, გადასატან საარჩევნო სიაში მყოფი იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც თავდაპირველად ვერ მისცა ხმა კომისიის წევრების უკანონო ქმედების გამო.
საჩივრები (137) და განცხადებები (40)
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 70 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 66 საჩივარი. 1 საჩივარი წარედგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 40 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).
არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.
დამატებითი ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ ორგანიზაციის ფეისბუქისა და თვითერის ანგარიშებს.
„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 23:00 საათზე.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემისას გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ„სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.