22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების დღის შეფასება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრის მონიტორინგს 29 მოკლევადიანი, 7 ოლქის დამკვირვებლისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებდა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს უბნების მიმდებარედ მობილიზებული აქტივისტებისა და აგრესიული ჯგუფების მხრიდან.
არჩევნების დღემ ცხადყო, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ პოლიტიკური პარტიების მიერ ჯგუფების მობილიზება იწვევს ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ხოლო, მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური რეაგირება შეიცავს ძალადობის წახალისების რისკებს და ამასთანავე, საფრთხეს უქმნის სტაბილურ საარჩევნო გარემოს.
გარდა ამისა, კვლავ გამოიკვეთა, უბნების მიმდებარედ პარტიების კოორდინატორების მიერ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის პრაქტიკა. აღნიშნული ტენდენცია შესაძლებელია ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე.
ძალადობის ფაქტები
#67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა და მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის თავიდან არიდება. პოლიციის ადგილზე ყოფნის მიუხედავად, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი. საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდნენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასარგებლოდ მონაწილეობდნენ სპორტსმენებიც.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ: „მკვლელებს სკოლაში [უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში] არ ესაქმებათ, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, კორცხელის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - ლაშხიას შვილმა და ნათესავმა. მათ #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი პირები განცალკევებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად დაზარალებულები მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთ მათგანი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
უბნის გახსნისას და კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები
#60.05 ოზურგეთის #59 და #58.17 წყალტუბოს #51 საარჩევნო უბნებზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე ერთით მეტი აღმოჩნდა.
#10.22 გლდანის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლს ბიულეტენი შესაბამის გრაფაში ხელმოწერის გარეშე გადასცა.
#30.12 კასპის #37 საარჩევნო უბანზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ამომრჩეველზე ბიულეტენი დევნილის მოწმობის გარეშე გაიცა.
#58.17 წყალტუბოს #50 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ბიულეტენი ყუის მოცლის გარეშე გადასცა, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას წარმოადგენს.
#58.17 წყალტუბოს #50 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე მოათავსა.
#60.05 ოზურგეთის #59 საარჩევნო უბანზე ლანჩხუთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კახაბერ ასკურავა ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მედია ცენტრის“ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ცესკომ მას დამკვირვებლის რეგისტრაცია გაუუქმა, რის შემდეგაც კახაბერ ასკურავამ საარჩევნო უბანი დატოვა.
#30.12 კასპის #22 საარჩევნო უბანზე კომისიამ საარჩევნო პროცედურები ჩანაწერთა წიგნის გახსნის გარეშე დაიწყო. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შედეგად, კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნი გახსნა.
#38.17 წყალტუბოს #49 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი არ მიუთითა. ამასთანვე, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის პროცესი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
#30.12 კასპის #23 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ იყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში. დამკვირვებლის მითითების შედეგად საუბნო საარჩევნო კომისიამ დარღვევა აღმოფხვრა.
#60.05 ოზურგეთის #6 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი კანდიდატმა ინტერვიუს მიცემა სცადა. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავჯდომარემ მას უბნის ტეროტორია დაატოვებინა.
ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებმა“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 8 საჩივარი წარადგინა.