პრესრელიზები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის და კენჭისყრის მიმდინარეობა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 15 ივნისის არჩევნები რიგით მერვეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასებისა და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

 ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 349 საარჩევნო უბანზე; 
 11 თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები - 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 


ძირითადი დასკვნები



,,სამართლიანი არჩევნები’’ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის უფრო დაბალია (16.6%, +/-0.2 ცდომილების ხარისხით1 ), ვიდრე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას იყო (19.9%).

,,სამართლიანი არჩევნები’’ აღნიშნავს, რომ აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში - შედარებით დაბალი. 12:00 საათისთვის, ,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა: 
თბილისი - 12.7% (+/-0.3% ცდომილების ხარისხით2) , რაც უფრო დაბალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა; მცხეთა-  21%, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა; რუსთავი - 14%; გორი -  12%; ახალციხე - 15%; თელავი -  13%; ბათუმი - 13% ; ოზურგეთი - 20%; ქუთაისი- 12%; ზუგდიდი - 13%; ფოთი - 18%; ამბროლაური - 27%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირებულ აქტივობასთან მიმართებაში. 

 


დარღვევები

15:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
საარჩევნო უბნებზე აგიტაციის 4 ფაქტი: რუსთავის #63, გორის #12, ბათუმის #13 და ლანჩხუთის #24  საარჩევნო უბნებზე. აგიტაცია ძირითადად გამოიხატებოდა პირდაპირი მოწოდებით, ამომრჩეველს ხმა მიეცა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასევე უბნებზე იმყოფებოდნენ პირები   საარჩევნო სუბიექტის ნომრიანი მაისურებით. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯომარეებმა აღნიშნული პირები დაუშვეს საარჩევნო უბნებზე და აგიტაციის ფაქტებზე არ მოახდინეს სათანადო რეაგირება;

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 6 შემთხვევა:  მთაწმინდის #14, ზუგდიდის #74, სამგორის #77, ქუთაისის #64, ახმეტის #18 და ვაკის #19 საარჩევნო უბნებზე. ძირითადად ადგილი ჰქონდა დევნილის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას, ასევე დაბადების მოწმობითა და მართვის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევებს; 

ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 3 შემთხვევა: ბათუმის #79 და #82, ასევე,  ჩოხატაურის #8  საარჩევნო უბნებზე; 
მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 10 შემთხვევა: ბათუმის #97, #1, #56, ახალციხის #34, მესტიის # 1, თელავის #45, კასპის  #7 და ჩუღურეთის #16  საარჩევნო უბნებზე;  
არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 8 შემთხვევა: ისნის #47, მთაწმინდის # 22, კასპის #30, ახმეტის #18, ქობულეთის #19, ასპინძის #1, ოზურგეთის #47 და შუახევის #38 საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნენზე იმყოფებოდნენ აკრედიტაციის არმქონე პირები და კანდიდატები;
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი: თერჯოლის  #27, მარტვილის #12, ლანჩხუთის #9, ბათუმის #30 და ნაძალადევის #64 საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლებს შეეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება. 
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია  2  საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 29  საჩივარი.
 
„სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა  PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).
„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.

1ცდომილების ხარისხი დაანგარიშდა 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. ალბათობის თეორიის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ 100-დან 95 შემთხვევაში ოფიციალური ციფრი უნდა ექცეოდეს ცდომილების ხარისხის ზღვარში (ე.ი. ცესკო-ს მაჩვნებელი უნდა  იყოს 16.4 %-სა და 16.8%-ს შორის)

2 ცდომილების ხარისხი დაანგარიშდა 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.