პრესრელიზები

კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის პროცესი



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 28 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 800-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 32 მობილური ჯგუფი.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 თვითმმართველ თემში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე;

 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვერელი, მარტვილი, თიანეთი) არჩევნების დღის მონიტორინგს ორგანიზაცია მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება. რომელიც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 2003 წლიდან, ანუ 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 12 ივლისის არჩევნები რიგით მეცხრეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღისა და პროცესის შედეგების შეფასებისთვის.

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი აირჩევს 8 მერს და 13 გამგებელს იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ვერ დააგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (50%+1).

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის ყველა დამკვირვებლის (100%) მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  კენჭისყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევები ვერ მოხვდა ,,სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით დაკვირვების არეალში. ამასთანავე გამოიკვეთა ერთი საყურადღებო ტენდენცია, როდესაც 19 საარჩევნო ოლქის 73 საარჩევნო უბანზე მისული 140 ამომრჩეველი არ იყო საარჩევნო სიებში რეგისტრირებული. ამათგან 53 ამომრჩეველმა განაცხადა, რომ 15 ივინისის არჩევნების პირველ ტურში მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა საარჩევნო პროცედურების ნაკლებად მნიშვნელოვან დარღვევებს, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ერთი გამონაკლისის გარდა ,,სამართლიანი არჩევნების „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს მიეცა დაკვირვების შეუზღუდავად განხორციელებისა და რეაგირების შესაძლებლობა. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 7 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 30  საჩივარი.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

 რუსთავის, მცხეთის, გორის, ოზურგეთის თვითმმართველ ქალაქებსა და ახმეტის, ლანჩხუთის, თერჯოლის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ყველა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციით. თბილისში ამ მაჩვენებელმა შეადგინა  99.7%, ბაღდათში - 96.7%, და ხულოში - 96.3%

 რუსთავის, მცხეთის, გორის თვითმმართველ ქალაქებსა და ახმეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების 100%-ზე მარკირება ყოველთვის კანონით დადგენილი წესისამებრ მოწმდებოდა. თბილისში ეს პროცედურა ტარდებოდა საარჩევნო უბნების 98%-ზე, რუსთავში - 98.8%-ზე, ლანჩხუთში - 97.4%-ზე, ტყიბულში -  97.3%-ზე, ხონში - 96.4%-ზე და ხულოში - 92.6%-ზე.  

 მცხეთის, რუსთავის, გორის, ოზურგეთის თვითმმართველი ქალაქებისა და ახმეტის, ბაღდათის, ხონის, ხულოს, ლანჩხუთის, თერჯოლის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე (100%-ზე) ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. თბილისის თვითმმართველ ქალაქში საარჩევნო 98.9%-ზე რეგისტრატორებმა სათანადოდ დაამოწმეს საარჩევნო ბიულეტენები;  

 მცხეთის, გორის, ოზურგეთის თვითმმართველ ქალაქებსა და ახმეტის, ბაღდათის, ლანჩხუთის, თერჯოლის, ტყიბულის თემებში ყველა ამომრჩეველს გაუკეთდა მარკირება. თბილისის საარჩევნო უბნების 99.7%-ზე მარკირების გაკეთების პროცედურა იყო დაცული, რუსთავის - 98.8%-ზე, ხულოს - 96.3%-ზე, ხონის 92.9%-ზე ; 

 ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო მცხეთის, ახმეტის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის ყველა საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა უზრუნველყოფილი იყო თბილისის საარჩევნო უბნების 98.9%-ზე, გორის - 96.9%-ზე, რუსთავის - 96.4%, ხონის - 92.9%-ზე, ხულოს - 92.6%-ზე, ოზურგეთის - 92.3%-ზე, ლანჩხუთის - 92.1%-ზე. 

,,სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 15 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან.

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღის შედეგების შესახებ ინფორმაციას 13 ივლისს, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მოგაწვდით. 

არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ (OSGF). ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შეხედულებებს.