პრესრელიზები

Disinfoobserver.ge - ვებ პლატფორმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ახალი ინტერაქტიური ვებ პლატფორმა http://disinfoobserver.ge ჩაუშვა. 

პლატფორმაზე თავმოყრილია ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ის Facebook გვერდები, რომლებიც დისკრედიტაციულ კამპანიებში, დეზინფორმაციისა და მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელებაში, ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზებაში, არაავთენტურ ქცევაში, ან სხვა დამაზიანებელ საინფორმაციო ოპერაციებში არის ჩართული. პლატფორმა აღწერს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი თითოეული საეჭვო Facebook გვერდის საქმიანობას შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

Disinfoobserver-ის მიზანია, გაზარდოს საქართველოში საზოგადოების ცნობადობა მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი საეჭვო Facebook გვერდების საქმიანობის და ტაქტიკის შესახებ და დაეხმაროს მომხმარებლებს Facebook-ზე არსებული წყაროების გადამოწმებაში.

Disinfoobserver ინტერაქტიული და განახლებადია. მომხმარებლებს შეუძლიათ ძიების ფუნქციისა და ფილტრების გამოყენებით იპოვონ სასურველი გვერდი და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. თუ საეჭვო გვერდი ბაზაში არ არის, მომხმარებელს შეუძლია თავად გამოაგზავნოს ბმული. ISFED-ის მონიტორები განიხილავენ და შეაფასებენ თითოეულ გამოგზავნილ გვერდს და ამ გვერდის დეზინფორმაციულ ანდისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართულობის შემთხვევაში, შესაბამისი კატეგორიის ქვეშ გამოაქვეყნებენ.

ვებ გვერდი პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მოქმედებს, მომდევნო კვირიდან კი სრული დატვირთვით ამუშავდება - დაემატება როგორც ISFED-ის მიერ უკვე აღმოჩენილი, ასევე მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი ახალი გვერდები.

ვებ გვერდი შეიქმნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.