ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია.
ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება.