პრესრელიზები

ISFED-ის მონიტორინგის მისია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს დააკვირვება იმ 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება მერის მეორე ტური. ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს 8 მუნიციპალიტეტზე, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემზე (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი). ორგანიზაცია თბილისის უბნების მესამედს, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილ 7 მუნიციპალიტეტებში -  უბნების ნახევარს დაფარავს.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო და 29 საოლქოსაარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ დამატებით 100 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში იმოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი). 

ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე დააკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა. 

„სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურის დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00 და 22:00.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.