პრესრელიზები

ISFED-მა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის კიდევ ერთი საქმე მოიგო

ISFED - ის უფასო იურიდიული დახმარებით მოქალაქე კ.ფ.-მ  საკუთარი უფლებების დაცვა წარმატებით შეძლო. გორის რაიონულმა სასამართლომ კ.ფ -ს სასარგებლოდ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

 

მოქალაქე კ.ფ. 2021 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით  გაათავისუფლეს სამსახურიდან. კ.ფ.-თან ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მოტივი მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. სასამართლომ გაიზიარა “სამართლიანი არჩევნების” ადვოკატის არგუმენტები და 6 თვის ვადით დადებული ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ცნო, ვინაიდან არ არსებობდა  დასაქმებულთან  განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გათავისუფლებულის მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში.

 

ISFED,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. 

 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ჩვენ მზად ვართ თქვენი უფლებების დასაცავად! 

 

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge